ცხრა დღის ჩვილის ანალიზის პასუხები დღეს საღამოს გახდება ცნობილი - ამის შესახებ განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა გააკეთა. მისივე თქმით, მათ კლინიკაში ორი პაციენტია კრიტიკულ მდგომარეობაში.
„რეანიმაციულში გვყავდა 62 წლის კრიტიკული პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გვყავდა კიდევ ერთი პაციენტი - მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება ახალშობილს, გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. მისი მდგომარეობა კლინიკურად კრიტიკულია. დაავადება შეიძლება ნებისმიერ წუთს მანიფესტირდეს. მისი ნაცხიგაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ისევე, როგორც დედამისის. პასუხს ველოდებით დღის მეორე ნახევარში. დედამისი არაა ჩვენს კლინიკაში. მარნეულელთან ნათესავობა არ დასტურდება, თუმცა არის მარნეულიდან", - აცხადებს ლევან რატიანი.
მისივე განმარტებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ნეონატოლოგიური განყოფილება ისედაც მზადდებოდა, თუმცა შემქნილი ვითარებიდან გამომდინარე, უფრო სწრაფად გაიხსნა.
„ჩვენ არ გვაქვს მესამე დონის რეანიმაციული განყოფილება - მაგრამ კლინიკა ემზადება, გვაქვს უახლესი ტექნიკა, ნეონატოლოგიური სამსახური მოწყობილი გვქონდა. საგანგებოდ გაიხსნა ნეონატალური სამსახური, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. კლინიკა გახსნილია 30 სამეანო საწოლზე, აქედან 23 ნეონატოლოგიური საწოლი", - ამბობს ლევან რატიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 73 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.