logo
ENG



ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა - რას ჰყვება დაღესტნიდან გამოქცეული დების ადვოკატი

31 ოქტ 202220:24
3 წუთის საკითხავი
 

დაღესტნელი დები, რომლებიც მშობლიური სოფლიდან ძალადობის გამო გამოიქცნენ, უკვე საქართველოში არიან. მათ საზღვრის გადმოკვეთა და ქვეყანაში შემოსვლა კრიზისული ცენტრის, სოს-ის დირექტორის დახმარებით შეძლეს.

ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ადვოკატი დევიდ ისტეევი ჰყვება,  თუ რა გზა გაიარეს ახალგაზრდა ქალებმა. 

დებს ოჯახის წევრები განსხვავებული შეხედულებების გამო წლებია სდევნიან. სამშობლოს დატოვებას კი მშობლების გამო ვერ ახერხებდნენ.

"პირველად დახმარებისთვის ერთ-ერთმა დამ 2020 წელს მოგვმართა. ის ლგბტ თემის წარმომადგენელია და დაღესტნის რესპუბლიკიდან ევაკუაციის თხოვნით მოგვმართა. მიზეზი სისტემური ძალადობა და ქორწინების იძულება იყო. ქორწინება რომ არ შემდგარიყო, ქალმა სერიოზული თვითდაზიანებები მიიყენა. მაშინ ევაკუაცია შეუძლებელი იყო, რადგან ქალს საკუთარი დების გარეშე დაღესტნის დატოვება არ შეეძლო, რადგან ისინი ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. თუ მარტო დატოვებდა რესპუბლიკას, მთელი აგრესია მათკენ იქნებოდა მიმართული. ნათესავები მასზე ზეწოლას დების გამოყენების ახორციელებდნენ. ის ამ ფსიქოლოგიურ გავლენას ვერ გაუძლებდა და იძულებული იქნებოდა, დაბრუნებულიყო. 2 წლის განმავლობაში ვიყავით მათთან კონტაქტზე და როგორც კი უმცროს დას შეუსრულდა 18 წელი, რამდენიმე დღეში მათი დაღესტნიდან ევაკუაცია მოხდა"- აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ დების ოჯახს მჭიდრო კავშირები აქვს დაღესტნის პოლიციასთან, რადგან სწორედ მათ დახმარებით ცდილობდნენ ქალებისთვის ხელი შეეშალათ ქვეყნის დატოვებისას. 

ამასთან, ისტეევის თქმით, ოჯახი და ახლობლები ძალადობის შემთხვევებს უარყოფენ.

"კომუნიკაცია ოჯახთან გვქონდა. ისინი ჰყვებიან, როგორ უყვართ გოგონები და როგორ უნდათ მათი დაბრუნება. რა თქმა უნდა, არავინ ადასტურებს ინფორმაციას ძალადობის შესახებ. ამბობენ, რომ გოგონებმა ყველაფერი გამოიგონეს. სავარაუდოდ, ოჯახს ნაცნობები ჰყავთ პოლიციაში რადგან იმის მიუხედავად, რომ გოგონებზე ოფიციალურად ძებნა არ იყო გამოცხადებული, საზღვრის კვეთის დროს და მათი მონაცემების შეყვანისას, გაჩნდა პრობლემები"- თქვა ისტეევმა.

დაღესტნელი დების გარდა, ადვოკატი დავიდ ისტეევი იხსენებს სხვა შემთხვევებსაც, როდესაც განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს საქართველოს საზღვარზე არასათანადოდ მოექცნენ, მათ შორის საკუთარ გამოცდილებაზეც ჰყვება.

"მე თვითონ ვარ 2021 წლის ნოემბერში დეპორტირებული და აკრძალული მაქვს საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის უცნობი მიზეზით. იყო სხვა შემთხვევებიც, ერთი ადამიანი ჩეჩნეთიდან აწამეს, რადგან ეჭვი შეიტანეს მის სექსუალურ ორიენტაციაში. ,მეორე ადამიანი დაღესტნიდან, რომელიც ისლამურ ცენტრში ჰყავდათ 7 თვის განმავლობაში, მასაც აწამებდნენ. რა უდევს საფუძვლად გადაწყვეტილებებს, ვინ შეუშვან საქართველოში და ვინ არა, ჩვენთვის გაუგებარია. იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოში უფლებადამცველი იგორ კოჩეტკოვი არ შეუშვეს და დააბრუნეს მოსკოვში... რუსეთის დატოვება მან უცხო ქვეყნის აგენტად აღიარების შემდეგ სცადა. ორ დღეში მე და ჩემი კოლეგა ჩავფრინდით, იყო აგრესია ქართველი მესაზღვრეების მხრიდან. ვცდილობდი, დავკავშირებოდი ჩემს ადვოკატს და მესაზღვრემ ტელეფონის წართმევა სცადა. მიზეზების ახსნის გარეშე ჩაგვსვეს თვითმფრინავში და გაგვამგზავრეს თბილისიდან. რატომ ჩაგვთვალეს ლგბტ აქტივისტების საფრთხედ საქართველოს უსაფრთხოებისთვის გაუგებარია. იმის გამო, რომ საქართველოში არ შეუშვეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი და კიდევ რამდენიმე ცნობილი ადამიანი, გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ საქართველო არც ისე უსაფრთხო ქვეყანაა. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ საქართველოს აღვიქვამთ რუსეთის მიმართ ძალიან ოპოზიციურად განწყობილ ქვეყანას, თუმცა ამ ვითარებაში მსგავსი ქმედებები საპირისპიროს გვაფიქრებინებს"- აცხადებს ადვოკატი.


close დახურვა