logo
ENG



ძალიან ბევრ ადამიანს გაკოტრება ემუქრება - გამაფრთხილებელი აქცია ტურიზმის ადმინისტრაციასთან

06 ივლ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ უამრავი ღია საკითხია, რომელზე პასუხიც ბიზნეს სექტორს არ აქვს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გახსნას საზღვრები იმ ქვეყნებისთვის, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტორში დასაქმებული უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება.

„ჩვენ არ ვითხოვთ საზღვრების უკონტროლოდ გახსნას, ვითხოვოთ საზღვრების გახსნას იმ ქვეყნებთან, სადაც არის კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გარდა ამისა, საჭიროა 2-კვირიანი კარანტინის მოხსნა, იმიტომ რომ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ფრენების აღდგენას აზრი არ აქვს. თუ ახლა არ ვიმოქმედეთ, არ გადავდგით ქმედითი ნაბიჯები და არ დაიწყო ხელისუფლებამ ზრუნვა ტურიზმის სექტორზე, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს წელი მთლიანად ჩავარდნილია“, - განაცხადა კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ წარმომადგენელმა ცოტნე ჯაფარიძემ.

„კავკასუს ქრუს“ მენეჯერმა, ვასილ საღირიშვილმა ტურისტული კომპანიების გაკოტრების საფრთხეზე ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ ვითარების გამწვავების მიზეზი მთავრობის მიერ ცრუ მოლოდინების შექმნაა.

„ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია შესაძლებელია გაკოტრდეს მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფომ ცრუ მოლოდინები შექმნა და ვერ მოემზადნენ სწორად. შეგვიძლია ამოვირჩიოთ ქვეყნები, დავასუბსიდიროთ ტესტები ტურისტებზე, რომლებიც ჩვენთან შემოვლენ და შესაბამისად, უზრუნველვყოთ ტურისტების რაიმენაირი მიმოსვლა ქვეყანაში, რადგან ბევრი ადამიანია ამ სექტორში და მათ უბრალოდ გაკოტრება ემუქრებათ“, - აღნიშნა ვასილ საღირიშვილმა.

ბიზნესის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დებატებშიც იწვევენ. ისინი ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოწოდებებს არ გაიზიარებს, უფრო მასშტაბურ აქციებს გამართავენ.


close დახურვა