თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი გიგი უგულავას საქმის მორიგი პროცესი გაიმართა. ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი, რომლის ცემასაც ედავებიან პოლიტიკოსს, პროცესზე უკვე მეორედ არ გამოცხადდა.
უგულავა სპორტსმენის სასამართლოში გამოცხადებას მოითხოვს.
"გავაშელიშვილი ძალიან უნდათ, რომ დაკითხონ დისტანციურად. წინაზე ჰქონდათ მცდელობა, სადღაც კახეთში, ბუჩქებში იყო ჩამალული და იქიდან ლუღლუღებდა.
ჩემი მკაფიო მოთხოვნაა, რომ მოიყვანეთ ეს კაცი სასამართლოზე. ახლაც ერთ-ერთი ექსპერტი დაიკითხა სკაიპის მეშვეობით, და სმენადობა არის ცუდი. მოვიდეს, სასამართლოს ჩახედოს თვალებში და მეც მექნება შესაძლებლობა, რომ კითხვები დავუსვა", - განაცხადა გიგი უგულავამ.
აეროპორტში ინციდენტი 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს ორი პირი თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ბრალი გიგი უგულავას წარუდგინეს და ერთ-ერთი თავდამსხმელის, ძიუდოსიტი ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.
უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.