2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, "გირჩი" "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს. ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
ავტომობილის შეძენას "გირჩი" პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით აპირებს.
"გირჩი" ამბობს, რომ ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არასწორია. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, პარტია ამ დაფინანსების გაუქმების შესახებ კანონპროექტის შეტანას გეგმავს. მანამდე კი, როგორც თავად ამბობენ, სურთ, რომ მათთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხა " სხვადასხვა კანონიერი ფორმებით გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნონ".
"რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს "გირჩი", მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, მით მეტი Tesla-ები გათამაშდება," - აცხადებენ პარტიაში.
პირობები, რისი შესრულებაც მოუწევთ ამომრჩევლებს გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგია:
"- დარეგისტრირდით "გირჩის" პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში.
- 31 ოქტომბერს წადით საარჩევნო უბანზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ პარტიას.
- იმავე დღეს, 31 ოქტომბერს ხმის მიცემის შემდეგ გადაიღეთ სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი).
- საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნეთ ეს ფოტო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე #მევიყავიარჩევნებზე", - ნათქვამია "გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პორტალზე რეგისტრაციისა და გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად დააჭირეთ ამ ბმულს.