logo
ENG



წალენჯიხის მერის განცხადებით, მისი მანქანა მიზანმიმართულად დაწვეს

13 ოქტ 202212:47
3 წუთის საკითხავი
 

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით მისი მანქანის დაწვის ფაქტი არის მიზანმიმართული ქმედება და ის ამ ყველაფერს ავტომობილის სავარაუდო ტექნიკურ გაუმართაობას არ უკავშირებს.  

"საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არ არის. არავითარი შეტყობინება, გასაუბრება შემდეგ არ ყოფილა. ამიტომაც ჩემთვის უცნობია რაში დაიხარჯა ეს 24 საათი. საერთოდ ხანძარი გამოსაკვლევად ერთ-ერთი რთული სფეროა და გამომდინარე იქიდან, რომ აშკარა კვალი იკვეთება, ადგილზე არის ნამწვის ზოლი, რომელიც ასახავს თუ როგორ მოხდა მანქანისთვის ცეცხლის გაჩენა, საქმისთვის უკეთესია რამდენიმე ექსპერტმა მიიღოს გადაწყვეტილება, დადოს დასკვნა, რათა სწორი გამოძიება იქნას უზრუნველყოფილი."- განაცხადა გია ხარჩილავამ.

ხარჩილავას განცხადებით მას არც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან და არც ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.

წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, ამ ფაქტზე დაკავებული ჯერ არვინ არ არის.

შემთხვევა 12 ოქტომბერს გვიან ღამით მოხდა - მერს მანქანა სახლის წინ ჰყავდა გაჩერებული.

გია ხარჩილავა ამბობს, რომ ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული იყო და ვარაუდობს, რომ ცეცხლის გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია.

მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო და ექსპერტიზაც დაინიშნა.


close დახურვა