კონგრესის წარმომადგენელთა პალატა სამი დღეა ახალ სპიკერს ვერ ირჩევს. ხუთშაბათს გამართულ მორიგ კენჭისყრაზე რესპუბლიკელმა კევინ მაკარტიმ ხმების საჭირო რაოდენობა კვლავ ვერ მოაგროვა.
რესპუბლიკურ პარტიაში კონსერვატიული ფრთის მცირე ჯგუფმა მე-11 ცდაზე კვლავ არ დაუჭირა მხარი მაკარტის კანდიდატურას.
რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ მოიპოვა. თუმცა იმის გამო, რომ სპიკერი ჯერ კიდევ არ არის არჩეული პალატა მუშაობას ვერ იწყებს.
20 რესპუბლიკელისგან შემდგარი ჯგუფი უარს ამბობს, მაკარტის მხარი დაუჭიროს და სპიკერობისთვის აუცილებელი 218 ხმით უზრუნველყოს. ე.წ. აჯანყებულები სკეპტიკურად არიან განწყობილნი კალიფორნიელი კონგრესმენის კონსერვატიულობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მას ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს.
ერთ-ერთი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინადან, რალფ ნორმანი ამბობს, რომ უბრალოდ არ სჯერა კევინ მაკარტის. კონგრესმენის თქმით, რამდენიმე კვირის წინ მაკარტი პოლიტიკური შურისძიებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილებოდნენ.
ამავე დროს, დემოკრატიული პარტია, რომელიც ახლა უმცირესობის რიგებს იკავებს, აგრძელებდა ხმის მიცემას საკუთარი კანდიდატისთვის - ჰაკიმ ჯეფრისისთვის. ის პირველი ფერადკანიანია, რომელიც კონგრესში პარტიას ხელმძღვანელობს. თუმცაღა სპიკერობისთვის მას რესპუბლიკელი კონგრესმენების ხმები სჭირდება და როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ოპონენტი პარტიიდან მხარი დაუჭირონ.
პალატა კიდევ ერთხელ შეიკრიბება პარასკევს. ამავე დროს, ბევრი კანონმდებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ დრომდე დღის წესრიგით მუშაობას ვერ აგრძელებენ.
"ძალიან შეშფოთებული ვარ ამით, დაზვერვის კომიტეტის წევრი ვარ", - თქვა რესპუბლიკელმა ბრაიან ფიცპატრიკმა. მისი განმარტებით, კომიტეტის წევრები საიდუმლო ბრიფინგებს ვერ იღებენ, სანამ კანონმდებლები ფიცს არ დადებენ.
წესების თანახმად, არაა აუცილებელი, რომ სპიკერი წარმომადგენელთა პალატის წევრი იყოს, ამიტომაც ერთ-ერთმა ე.წ. აჯანყებულმა რესპუბლიკელმა მეტ გეტცმა დონალდ ტრამპს მისცა ხმა.
მაკარტიმ თავის თანაგუნდელებს გარკვეული დათმობები შესთავაზა, მათ შორის გავლენიან კომიტეტში, რომელიც ადგენს პალატაში კანონმდებლობის შესახებ დებატების პირობებს. ის ასევე დათანხმდა სპიკერის გადაყენების შესახებ კენჭისყრის ჩასატარებლად ბარიერის დაწევას.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აშშ-ში მნიშვნელობით მესამე პოლიტიკური თანამდებობაა. ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ ის მეორეა პრეზიდენტობის რიგში. სპიკერი პალატის დღის წესრიგს განსაზღვრავს და მის გარეშე ვერანაირი საკანონმდებლო საქმიანობა ვერ წარიმართება.