logo
ENG



წერეთელი: ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება რომ ხდებოდა, დაადასტურა აშშ-ის საელჩომაც

04 ოქტ 202114:40
3 წუთის საკითხავი
 
წერეთელი: ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება რომ ხდებოდა, დაადასტურა აშშ-ის საელჩომაც

გიგი წერეთელი აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ამერიკის წარმომადგენლობამ, ფაქტობრივად, დაადასტურა ის დარღვევები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღრიცხული დარღვევები არ შეესაბამება ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და  "მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს". 

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნულმა განცხადებამ უნდა დაანახოს მმართველ პარტიას, რომ ამ ყველაფერს პროპაგანდის ნაცვლად ქმედებები დაუპირისპიროს და დარღვევები მეორე ტურისათვის აღმოფხვრას.

„უაღრესად დაზარალდა მთელი ეს პროცესი, იმით რომ იყო მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება, მედიაზე ზეწოლა და ბევრი სხვა რამ, რაც რეალურად ხდებოდა. ეს სხვა განცხადებებთან ერთად, პრაქტიკულად დაადასტურა ამერიკის საელჩომაც თავის განცხადებაში. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაანებოს ამ მარცვლების ამოკრეფას თავი, სადაც პოზიტიურს ნახავენ, პროპაგანდის ამ მხრივ წარმოებას და უნდა გაითვალისწინონ, ის რომ მეორე ტურში ასეთი რამ არ მოხდეს. არ იყოს „ქუჩის ხალხის“ შეგროვება, არ იყოს მთელი რიგი ჯგუფების დაშინება, არ იყოს მოსყიდვა, არ იყოს დამკვირვებლების არ შეშვება და სხვა", - ამბობს წერეთელი.

აშშ-ის საელჩო 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ ქართველი ამომრჩეველი სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს იმსახურებს.

აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, თუმცა საარჩევნო პროცესი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე.

შტატების საელჩოს განცხადებაში, ასევე, საუბარია იმაზეც, რომ არსებობდა ცნობები ადმინსტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, რაც არჩევნების სამართლიანობას  ეჭვქვეშ აყენებს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბით ხმების 46.68% აიღო, თბილისში - 40.33%. 

საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური იქნება. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური ჯამში 20 ქალაქში გაიმართება


close დახურვა