logo
ENG



წვერავა: ათამდე ადამიანი ძალადობდა ჩემზე, მეუფე იოანე უყურებდა და რეაქცია არ ჰქონდა

08 ივლ 202112:35
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ჟურნალისტი რატი წვერავა ამბობს, რომ როცა მასზე ათობით ადამიანი ძალადობდა მეუფე იოანე გამრეკელი უყურებდა და რეაქცია არ ჰქონდა. ასე ეხმაურება ის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ბრალდებას, თითქოს ძალადობის პროვოცირება წვერავამ მოახდინა.

"თურმე მე მივიყენე ფიზიკური დაზიანებები სახეზე, სხეულზე, თავზე, მე შემოვიხიე პერანგი, იმიტომ, რომ სველი მქონდა - აი, ამ ვერსიას ავითარებს მეუფე იოანე გამრეკელი, თითქოს ის არაფერ შუაში არაა, რეალურად კი, ის იყო ადამიანი, რომელმაც ბიძგი მისცა ჩემზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და რატომ - მე მასთან მივედი კითხვის დასასმელად და როდესაც დაინახა, რომ ათეულობით ადამიანმა ჩემზე ძალადობა დაიწყო, მას არაფერი გაუკეთებია და არ შეუჩერებია ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ვერსიას განავითარებდნენ იქ მყოფი ადამიანები, რომ მე თითქოს ვიცემე ჩემი თავი, რომ არა ის კადრები, რაც გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს რამდენიმე ათეული ადამიანი ჩემზე.

მეუფე აცხადებს, რომ თითქოს კიბეებიდან, სადაც თვითონ იმყოფებოდა, 100 მეტრის მერე მე დავიწყე ჩხუბი, რეალურად კი სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ის იყო, თაბუკაშვილის ქუჩამდე ჩემზე ფიზიკური ძალადობა არ გაჩერებულა. ათობით ადამიანი ჩემზე ფიზიკურად ძალადობდა და ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, რომ მოვეკალი. ამ ყველაფერს უყურებდა მეუფე იოანე გამრეკელი, თუმცა მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, მან მისცა ბიძგი ჩემზე ფიზიკურ ძალადობას", - ყვება წვერავა.

5 ივლისს ჟურნალისტ რატი წვერავაზე სასტიკი თავდასხმის პროვოცირებას, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, მეუფე იოანე გამრეკელი თავად ჟურნალისტს აბრალებს

"ვეუბნები, აქ ნუ მოხვალ. არა, მე მინდა აქ. [ვეუბნები] ეს ზონა შენთვის არაა. გაყავთ, "ა, ხელით შემეხეთ, ხო"? და წიხლებს იტყმევინება. უარესს, კიდევ იწვევს აგრესიას. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო, ვინ გათრია? გამოგაგდეს. საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია, გადააგდო. გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი. იძახის მღვდელმა არ მიშველაო. რაში დაგეხმარო, ძმაო? შენთან ერთად ვლანძღო? გარშემო ხალხი? ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოებისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას? რას? თავხედობის, კადნიერების, უტიფრობის? ძალადობის? დაუშვებელია", - ამბობს მეუფე.

რატი წვერავა პარლამენტთან მისთვის კითხვის დასმას ცდილობდა, როდესაც იოანე გამრეკელის თანმხლებმა პირებმა მას სცემეს. 

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს.


close დახურვა