logo
ENG



წითლიძე: ანაკლიაში ყველაზე კარგად ჩანს ის უბედურება, რაც ოცნებამ მოქალაქეებს მოუტანა

01 ოქტ 202312:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/01/a8ggbt4lp7gp9z3.png

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ანი წითლიძემ ქართული ოცნების 11 წელთან დაკავშირებით მოქალაქეებს ანაკლიიდან მიმართა და განაცხადა, რომ იმ ადგილიდან ყველაზე კარგად ჩანს "უბედურება", რომელიც მმართველმა პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას მოუტანა.

"ჩემს უკან შენობა არის სიმბოლო, რა დამართა ქართულმა ოცნებამ საქართველოს და რა დამართა ანაკლიას. გაპარტახებული, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ლაზიკის, ანაკლიის პორტის და ანაკლიის განვითარება უნდა ყოფილიყო უდიდესი შესაძლებლობა თითოეული მოქალაქისთვის, ის საქართველოს მოქალაქეებს მოუტანდა ეკონომიკურ აღმავლობას და ამ ქვეყანას მოუტანდა უსაფრთხოებას.

ქართული ოცნების 11 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ რუსეთის დავალებით შეჩერებული ანაკლიის პროექტი, განადგურებული ლაზიკა და ანაკლია და მივიღეთ ის, რომ უკვე ორი წელია მათი სულისჩამდგმელი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დავალებით ტყვეობაში ჰყავს ქართულ ოცნებას. აქ, ანაკლიაში ყველაზე კარგად ჩანს ის უბედურება, რაც ქართულმა ოცნებამ რუსეთის დავალებით მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა მან.

დღეს მიმართვები ჰქონდათ ენმ-ის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც. ვაშაძემ ქართული ოცნების 11 წელი შეაჯამა როგორც "უკუსვლის 11 წელი" და თქვა, რომ ოცნებამ ქვეყანას სამი რამ მოუტანა: "დემოგრაფიული კატასტროფა, ქართველების მასიური გადინება ქვეყნიდან და რუსი ჯაშუშები". ლევან ხაბეიშვილმა კი აღნიშნა, რომ ერთად უნდა დაასრულონ "ბოროტება, რომელსაც სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია".

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პრემიერმინისტრმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში კვლავ პარტიის დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და გაიმეორა, რომ ივანიშვილმა საზოგადოება "სრული უიმედობის დროს გააერთიანა".


close დახურვა