დეპუტატი ანი წითლიძე ამბობს, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და შიმშილობის მე-11 დღეს თავს მხნედ გრძნობს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართა.
"დღეს არის დღე, როდესაც დაიბადა ქრისტე და რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო და რომელმაც გვითხრა, რომ გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს.
ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მე მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია, გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ, მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ", - განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 15 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა, დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ. შიმშილობას ანა წითლიძე აგრძელებს.
14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით მანამდე, 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.