logo
ENG



წითლიძე: ენმ-ის ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა 24 თებერვალს უკრაინაში ჩავა

22 თებ 202315:30
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა 24 თებერვალს უკრაინაში ჩავა.

"საზოგადოებისთვის უკრაინის რადამ ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტიც მიიწვია 24 თებერვალს, ომის წლისთავის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. და როგორც ცნობილი არის, რუსულმა ოცნებამ უარი თქვა ამ მოწვევაზე. მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს არის უკრაინასთან და მაშინ, როდესაც უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლა ასევე არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაც, რუსულმა ოცნებამ ამით კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის გულშემატკივრობს არა უკრაინის გამარჯვებას, არამედ არის მტრის, რუსეთის მხარეს.

ამ უარით რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მიყვება გეგმაზომიერ გეგმას, რაც ნიშნავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული ღირებულებებისგან და ევროპული ოჯახისგან. ამ უარით რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში", - თქვა წითლიძემ.

წითლიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა, 24 თებერვალს, უკრაინაში ჩავა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 

"კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ვეტყვით ჩვენს უკრაინელებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და იქნება ბოლომდე, მასთან ერთად ამ ბრძოლაში", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა.

20 თებერვალს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, კიევში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ამავე დღეს დაადასტურა, რომ ქართულმა ოცნებამ ვიზიტზე უარი თქვა.

გუშინ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია "ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ ტოვებს".


close დახურვა