logo
ENG



წითლიძე: სისტემა ცდილობს, იყოს მოძალადის მხარეს, სახალხო დამცველის დუმილი ძალიან არასწორია

27 მარ 202315:03
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე, თათია სამხარაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასა და POSTV-ის მიერ მოწყობილ პროვოკაციას ეხმაურება.

წითლიძის თქმით, სისტემა ცდილობს, იყოს მოძალადის მხარეს, ამ ყველაფრის ფონზე კი სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის დუმილი არასწორია.

"სისტემა, რომელიც ცდილობს ქალების სამართლიან ბრძოლას, ქართული ოცნების ბინძური პროპაგანდისტის, რამიშვილის წინააღმდეგ დაუპირისპიროს ტერორი, დაუპირისპიროს შავი პროპაგანდა და სისტემა ცდილობს, რომ იყოს მოძალადის მხარეს. ამ ფონზე, მე მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს, ამ ყველაფრის ფონზე სახალხო დამცველის დუმილი, რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან არასწორი", - განაცხადა წითლიძემ.

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო გუშინ, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.


close დახურვა