logo
ENG



წილოსანი: ალბათ, ქალბატონ ვიოლას არ აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არ უქმდება

30 დეკ 202110:47
3 წუთის საკითხავი
 
წილოსანი: ალბათ, ქალბატონ ვიოლას არ აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არ უქმდება

ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს არ აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ უქმდება. წილოსანის თქმით, არასწორია სამსახურის რეფორმა სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას დაუკავშირდეს.

"ალბათ, ქალბატონ ვიოლას არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს ინსტიტუტი არ უქმდება და რომ ის ჩანაცვლდება ორი გამიჯნული ფუნქციების ინსტიტუტით, რომელსაც ექნება ისეთივე მაღალი დაცვის ხარისხი, დამოუკიდებლობის როგორც თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჰქონდა. მან ალბათ ისიც არ იცის, რომ ეს რეკომენდაცია იყო თავის დროზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ვქმნიდით", - განაცხადა წილოსანმა.

პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენით 30 დეკემბერს განახლდება.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

სახელმწიფო ინსპექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სამსახურის "რეფორმა" უწყების დამოუკიდებლობასა და კრიტიკულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ელჩებიც. ამასთან, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ  მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი, კარგად ფუნქციონირებადი ინსტიტუტი. 


close დახურვა