logo
ENG



წილოსანი: სამწუხაროდ, ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ

17 იან 202112:46
3 წუთის საკითხავი
 
წილოსანი: სამწუხაროდ, ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი, რომელმაც "ქართველები" და "მუსლიმები" ორ სხვადასხვა ჯგუფად მოიხსენია, საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

წილოსანი Facebook-ზე წერს, რომ ადამიანებს მისი განცხადებიდან შინაარსის გამოტანა გაუჭირდათ და ამას საბჭოთა განათლების სისტემას უკავშირებს.  

"სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს წაკითხული ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. ამოგლეჯილად რაღაც სიტყვას ჩაეჭიდებიან და მერე მთლიან კონტექტს კარგავენ. ეს საბჭოთა განათლების სისტემამ დაგვიტოვა და ვშიშობ ახლაც განსაკუთრებთ მაღალ საფეხურზე არ უნდა ვიყოთ ამ კუთხით.

მთელი ჩემი გურიაში ჩასვლის, ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი მაცხოვრებლების უთანხმოების განმუხტვის მცდელობა და ყველა ჩემი კომენტარი იმ განწყობას იზიარებდა რომ ჩვენი მუსლიმი მოქალაქეები საქართველოს, ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და რომ საქართველოს ქრისტიან და მუსლიმ შვილებს გასაყოფი არაფერი აქვთ!!

ამის პარალელურად სეირის მაძიებელი მედიის მხრიდან რაღაც მექანიკური შეცდომით გაჯერდა სივრცე. ან დამირეკეთ და მკითხეთ სწორად გაიგეთ თუ არა, ან დაინტერესდით ვგულისხმობდი თუ არა რასაც დაატარებთ წინ და უკან... ერთი ორი გამონაკლისი ჟურნალისტის გარდა ეს სტანდარტი სხვებისთვის ალბათ არაამქვეყნიურია ..

ამიტომ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ საქართველოს მოქალაქე- ქრისტიანი, მუსლიმი თუ სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის შვილი და სახელმწიფოს მხრიდან ექნება თანასწორი მხარდაჭერა, ისევე როგორც დაფასება

ამ პოსტის ბოლოს კი კითხვა: მართლა შინაარსი ვერ გაიგეს თუ განზრახ მავნებლობას ჰქონდა ადგილი (?)", - წერს წილოსანი.

ცნობისთვის, 15 იანვარს, დეპუტატმა ნინო წილოსანმა, რომელიც სოფელ ბუკნარში იმყოფებოდა, "ქართველები" და "მუსლიმები" ორ სხვადასხვა ჯგუფად მოიხსენია. მან თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით "ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერია გასაყოფი".


close დახურვა