logo
ENG



წილოსანი ზურაბიშვილს: ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, გონზე არ უნდა იყო, კაცობა რა არის

07 ნოე 202323:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/07/amzy16b4wnjldz7.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პასუხობს, რომელმაც დღეს მმართველი გუნდის დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა.

ზურაბიშვილმა ვოლსკის განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თამაზ გინტურის სიკვდილით "გახარებულია", Facebook-ზე დაწერა: "ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!".

წილოსანის თქმით, "გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო, კაცობა რა არის".

"რომ ფიქრობ ეხლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა.. ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის.. გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის!!", - წერს წილოსანი Facebook-ზე. 

ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკი კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას თქვა, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია".

"რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას, მითუმეტეს ამ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც შექმნილია ამ ქვეყანაში", - თქვა ვოლსკიმ.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა