logo
ENG



წილოსანი რუსულ უნივერსიტეტზე: არ მახსოვს კითხვები ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებზე

24 ივლ 202313:01
3 წუთის საკითხავი
 
წილოსანი რუსულ უნივერსიტეტზე: არ მახსოვს კითხვები ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებზე

ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს ჟურნალისტებმა ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შესაძლო დაარსებაზე კითხეს, საპასუხოდ წილოსანმა თქვა, რომ "არ ახსოვს კითხვები ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებზე".

"არაერთი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნული თემაზე რაიმე კითხვა დაგესვათ. არ იქნებოდა ცუდი [კითხვების დასმა], ეს გაუწევდა პოპულარიზაციას დასავლური განათლების მიღებას", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნაზე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისაუბრა, წილოსანი ამბობს, რომ "ვერ ხვდება მიზეზს, რატომ უნდა იმსჯელოს ვიღაც ადამიანის მოსაზრებაზე".

"ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ უნდა ვიმსჯელო ვიღაც ადამიანის მოსაზრებაზე. თუ აღნიშნული რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ გავაკეთო კომენტარი", - თქვა წილოსანმა.

წილოსანმა არ დააფიქსირა პირადი მოსაზრება, მისაღები იქნება თუ არა მისთვის საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის არსებობა.

"სახელმწიფო ფუნქციონირებს ჩარჩოებით და არა ემოციებით", - თქვა მან.

ჟურნალისტებმა მას რუსულ ექსპანსიაზე ჰკითხეს, წილოსანმა ამას მოგონილი ტერმინი უწოდა.

"არაფერი და ვერაფერი დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში. ამ თემაზე საუბარი ემსახურება იმას, რომ დათესოთ პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში, რომლის საფუძველიც არ არსებობს", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

ლორთქიფანიძე ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნას და სანქტ-პეტერბურგთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აანონსებს.

მისი თქმით, 3-7 ივლისს პეტერბურგში რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა "მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა" და მალე, მათ შორის, შეძლებენ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნაზე მსჯელობის დაწყებას.


close დახურვა