logo
ENG



წულაძე სააკაშვილზე: თუ წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება

01 თებ 202314:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/01/z8zuorcugw9fxzf.jpeg

ექიმმა-ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ, დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამართულ სხდომაზე გამოკითხვისას განაცხადა, რომ თუ სააკაშვილის სხეულის წონა 52 კგ-ზე ნაკლები იქნება, მისი ორგანიზმი ვეღარ გაუძლებს და მოკვდება.

ომბუდსმენის კონსილიუმის მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში, რასაც მათ შორის თენგიზ წულაძეც აწერს ხელს, წერია, რომ სააკაშვილი 2022 წლის სექტემბერში 98 კგ-ს, 4 დეკემბერს გასინჯვისას კი 73.6 კგ-ს იწონიდა და მისი სხეულის მასის ინდექსი 20-21 იყო.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძისა და მისი ოჯახის ცნობით, ამჟამად მის წონა 68-69 კგ-ს შეადგენს, სხეულის მასის ინდექსი კი 18-ია.

"თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და სხეულის მასის ინდექსი 14-ზე ნაკლებზე ჩამოვა ანუ 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს" - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ექიმის თქმით, სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაში წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, და თუ ამ ტემპით გაგრძელდება, შესაძლოა, "მძიმე შედეგები მოჰყვეს".

წულაძის თქმით, სააკაშვილის შემთხვევაში კახექსია, სავარაუდოდ, მხოლოდ შიმშილით არ არის გამოწვეული, რაზეც მიუთითებს მისი სხვა სიმპტომებიც და ისიც, რომ პაციენტი თითქმის იმავე ოდენობით საკვებს იღებს რასაც მანამდე, თუმცა წონის კლების ტემპი აჩქარებულია.

ომბუდსმენის კონსილიუმმა 4 დეკემბერს სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ განაცხადა, რომ მას, სავარაუდოდ, მეოთხე დონის კახექსია აქვს.

„წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩემი აზრით, ყველა ამ ფაქტორებში რომლებიც ჩამოვთვალე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფაქტორებიც ძალიან მნიშვნელოვანია. წონის კლება არის ის, რასაც შეიძლება საბოლოოდ მძიმე შედეგი მოჰყვეს და მისი ასეთი ტემპით კლება, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია. კახექსია არ არის მარტო შიმშილობა. კახექსია არის წონაში კლებაც და ანთებადი მარკერებიც. იმიტომ რომ თუ კახექსიას ნახავთ ლიტერატურაში, ნახავთ რომ ის დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, სიმსივნე... რომლებიც ამ პაციენტს, თითქოს არ აქვს, მაგრამ პროტოკოლით თუ მივუდგებით, ასეთ შემთხვევაში გამოვიყენე კრიტერიუმების მიდგომა, რომ ეს, ჩემი აზრით, მთლად შიმშილით არაა ეს გამოწვეული და ამაზე მიუთითებს ანემიის გაღრმავება და ცხელება რომლებიც ვერ ავხსენით. ამიტომ, ის რომ წონის კლების ტემპმაც მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იგივე რაოდენობით საკვებს მიიღებს, რასაც მანამდე იღებდა, ამიტომ მივიჩნიეთ, რომ კახექსიასთან უნდა გვქონდეს საქმე. მაგრამ თუ კრიტერიუმებით მივუდგებით ამ კახექსიას, უკვე მეოთხე დონე გამოვლინდა“ - განაცხადა წულაძემ.

წულაძის თქმით, კახექსიის დონეები სიმსივნის მქონე პაციენტებშია შეფასებული და სააკაშვილს ეს დონე პირობითად მიანიჭეს. ექიმი აცხადებს, რომ "მეოთხე დონის კახექსია უკვე სერიოზული განაცხადია და სიმსივნის მქონე პაციენტების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს" - მედიანური დროით 4 თვე, რაც სიცოცხლის მაქსიმუმ 8 თვეს გულისხმობს.

თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კახექსიის შესახებ ამგვარი კვლევები სიმსივნის მქონე პაციენტებშია ჩატარებული, "კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა და სავარაუდოდ, აქაც [მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში] მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება ეს მდგომარეობა” - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

6 დეკემბერს გამოქვეყნებულ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-4 ხარისხის კახექსია დაუდგინდა და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

სააკაშვილის ოჯახის ცნობით, ის ახლა 68 კილოგრამს იწონის. გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დაკარგა გონება. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივა მედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ.

სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები, ექიმები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

2 დეკემბერს გასაჯაროვდა ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს. 

ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.

სმიტის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე მეტალებსა და სხვა აგენტებს შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს. 

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


close დახურვა