კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მტკიცებით, რუსულ კანონს "ორი თუ სამი თეატრი" ეწინააღმდეგება, ხელოვანთა უმეტესობა კი მას ემხრობა.
მთავრობის სხდომის დასრულდები შემდეგ მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თეატრებში პროტესტის ჩასახშობად პრემიებს არიგებენ. წულუკიანმა ეს ინფორმაცია უარყო.
"კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია. ქვეყანაში უფრო მეტია, რა თქმა უნდა და თქვენ ხედავთ ორ თუ სამ თეატრს რომელიც უერთდება [პროტესტს}. 30 თეატრში თქვენ რეკავთ და ეკითხებით პრემიების შესახებ, თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ხალხი არ გააღიზიანოთ, პრაგმატულ რჩევას მოგცემთ - კითხვის ფარგლებში ასეთი ტიპის ცილისწამებისგან თავი შეიკავეთ. არავითარი პრემიების გაცემა არ მომხდარა, არც ვაპირებთ და თქვენდა იმედ გასაცრუებლად მინდა გითხრათ, რომ ხელოვანთა უმრავლესობა და პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფო თეატრებში, მხარს უჭერს ამ კანონს. მათ ესმით, რომ ეს არის ქართული კანონი"- თქვა წულუკიანმა.
ოცნების მიერ რუსული კანონის ინიციირება არაერთმა თეატრმა, მსახიობმა თუ რეჟისორმა გააკრიტიკა.
17 აპრილს ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
***
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".