logo
ENG



წულუკიანი: 6-7 წელია, ვენეციის კომისიამ საქართველოსთან მბრძანებლური ტონი აირჩია

04 ივნ 202401:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/04/yk5rr4kenzt5efo.jpg

კულტურის მინისტრი, ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას აკრიტიკებს და ამბობს, რომ კომისიას "მბრძანებლური ტონი" აქვს. წულუკიანმა ამ თემაზე აჭარის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

"ვენეციის კომისიის დასკვნა არ გამკვირვებია. 6-7 წელია, რაც ვენეციის კომისიამ საქართველოსთვისაა და მსგავს ქვეყნებთან მიმართებაში აირჩია მბრძანებლური ტონი და არა ის, რაც მანამდე ახასიათებდა და ამით იყო ვენეციის კომისია ძველ დროში ძვირფასი. ვენეციის კომისია ყოველთვის იყო ნეიტრალური, ყოველთვის შემოიფარგლებოდა მკაცრად სამართლებრივი შეფასებებით და არასდროს შედიოდა მიზანშეწონილობაში და ამას უტოვებდა ქვეყანას"- ამბობს წულუკიანი.

ის ირწმუნება, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება "კონკრეტული პოლიტიკური მხარის პოზიციის გასამყარებლადაა" გამოცემული.

"მოკლედ ვენეციის კომისიის დასკვნა შედის მიზანშეწონილობაში, რაც მისი საქმე არაა და ამით ხდება პოლიტიკური. შემოდის პოლიტიკურ დისკუსიაში.

ითავსებს სტრასბურგის სასამართლოს ფუნქციას. ვერავინ იტყვის წინასწარ, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები. ამის დადგენა შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ეს უნდა დაადგინოს სტრასბურგის სასამართლომ. ამიტომ ითქვა ჩვენი გუნდის მიერ, რომ კომპეტენციასა და პროფესიულ სინდისთან მწყრალი დასკვნა გამოიცა, რომელიც ასე ეტყობა, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური მხარის პოზიციის გასამყარებლად გამოცემული დასკვნა.

 

21 მაისს ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.

 

კომისია მკაცრად ურჩევდა ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.

კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

 

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

 

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას და კანონს მესამე მოსმენით კენჭი უყარა, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.  


close დახურვა