კულტურის ახლადდანიშნული მინისტრი, თეა წულუკიანი ეხმაურება აშშ-ს სენატში საქართველოს საკითხის განხილვას და ამბობს, რომ ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქართულ ოპოზიციას მკაფიო გზავნილები გამოუგზავნა, ქართულ ოცნებას კი "გარკვეული რჩევები" მისცა.
თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სენატორებისა და სახელმიწო დეპარტამენტის წარმომადგენლის გზავნილებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, ამერიკულმა მხარე ქართული ოცნების პროდასავლური კურსი აღიარა.
"ამერიკულმა მხარემ ქართულ ოპოზიციასა და ჩვენს საზოგადოებას უთხრა, რომ ქართული ოცნება 2012 წლიდან დღემდე მკაფიოდ პროდასავლურ კურსზეა და ამ კურსისთვის არასდროს გადაუხვევია.
ასევე თქვეს, რომ ის ეყრდნობა ეუთო/ოდირის შეფასებებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული, კონკურენტული და აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარეტებს.
ასევე ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უთხრა ჩვენს ოპოზიციას, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ. დიდი იმედი მაქვს ქართული ოპოზიცია ასე გააკეთებს.[...]
საბოლოდ, ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ნიკა მელია ვინაიდან დაარღვია კანონი, სწორედ ამიტოა ციხეში", - განაცხადა წულუკიანმა.
23 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების" თემაზე მოსმენა გაიმართა. მოსმენაზე გადაწყვიტეს, რომ აშშ-ს სენატში, შესაძლოა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე რეზოლუცია მიიღონ.
სენატორმა შაჰინმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოში "კრიტიკულ" სიტუაციასა და საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრაა:
"არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია".
მანვე ახსენა ოპოზიონერთა დაკავება და ეს "რუსეთის გამარჯვებად" შეაფასა.
"ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა", - თქვა სენატორმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტმა, რომელიც სხდომაზე მომხსენებელი იყო, თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების ვერმიღწევა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დააზიანებს.
"ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობა წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც მხოლოდ მათ ეკისრებათ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ადმინისტრაცია მოელის თქვენთან და ევროპელ კოლეგებთან ერთად კონგრესში მუშაობის დაწყებას, რათა გამოინახოს არაერთი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად", - აღნიშნა კენტმა.
საქართველოს საკითხზე მოსმენა აშშ-ს სენატში კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად დაინიშნა. დანიელსონის ვიზიტის შედეგად მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი სპეციალური ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი დანიელსონი მედიაციის მიზნით საქართველოს კვლავ ეწვევა.