logo
ENG



წულუკიანი: ივანიშვილს ებრძვის დიდი მახინა, რომელმაც ვერ გაითვალისწინა ვისთან აქვს საქმე

07 ოქტ 202201:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/brvbdzb4qhsek0f.png

ქართული ოცნების ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი ტელეკომპანია იმედის ეთერში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკთან პოლიტიკურია და ივანიშვილს ებრძვის "დიდი მახინა", რომელმაც ვერ გაითვალისწინა "ვისთან აქვთ საქმე".

წულუკიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არაა უბრალო მოწინააღმდეგე და ეს დავა შვეიცარიული საბანკო სისტემის მარცხითა და ზიანით დასრულდება.

კულტურის მინისტრი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილი ასეთ დავაში არ შევიდოდა თუ ის "ცამდე მართალი" არ იქნებოდა.

მისი თქმით, ოცნების დამფუძნებლის მთავარი მიზანი, ისევე როგორც პოლიტიკურ ბრძოლაში ისაა, რომ აჩვენოს, „რაც არის მისი კრედო - რომ ყველაზე მაღლა დგას ქვეყანა”.

წულუკიანის თქმით, ივანიშვილი ვერანაირი თანხა ვერ შეაცვლევინებს პოზიციას და ის „ქართულ სახელმწიფოს არ გაწირავს”.

„რატომ აკეთებს შვეიცარიული სისტემა, ასეთი სერიოზული მოწინააღმდეგის შემთხვევაში, და ბიძინა ივანიშვილი არ არის უბრალო მოწინააღმდეგე – ისეთ რამეს, რაც საბოლოოდ დამთავრდება ივანიშვილის გამარჯვებით და მათი სერიოზული, არამხოლოდ მარცხით – ზიანით. ეს მთლიანად ანგრევს იმ ფილოსოფიას, რაზეც დგას შვეიცარიული სისტემა, რომ ის არის დაცული, ნეიტრალური, რომ იქ თუ შეხვალ დაცული ხარ ფიზიკურად ასე იყო ისტორიულად და არაერთი ადამიანი გადარჩენილა ბოროტებისგან შვეიცარიაში შესვლით, თავისი სახსრები განუთავსებია შვეიცარიულ სისტემაში და ამით ყოფილა დაცული. აი ეს რეალობა ინგრევა და ეს რა თქმა უნდა, კითხვას აჩენს.

ბევრი ითქვა და ძნელია არ დაეთანხმო მოსაზრებას, რომ ეს დავა და დავა სახეზეა, რეალურად სამართლებრივი დავა არ არის და ეს უფრო პოლიტიკურ პაექრობას დაემსგავსა და თითქოს, რაღაც ძალა ბანკის შიგნით და ალბათ, ბანკის გარეთაც, ერთად თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცდილობენ, ეს ყველაფერი აქციონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერკეტად.

რა თქმა უნდა, მე ვერ დავიჩემებ, რომ ბატონ ბიძინას ყველაზე კარგად ვიცნობ, მაგრამ იმას კი ნამდვილად ვიტყვი, რომ საკმარისად კარგად ვიცნობ და მქონია პატივი, მისი თანამებრძოლი ვყოფილიყავი, იმისათვის, რომ ხმამაღლა ვთქვა - ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ძალიან სერიოზული პოლიტიკური მეტოქეა, არამედ ის სამართლებრივ დავაში, ჯერ ერთი არ შევიდოდა თუ არ ექნებოდა არგუმენტები შეიარაღებაში, თუ არ იქნებოდა ცამდე მართალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ასე ამ საქმეს ნამდვილად არ გაუშვებს.

მთავარი მიზანი ისაა, როგორც ეს იყო პოლიტიკურ ბრძოლაში რომ მან აჩვენოს ის, რაც არის მისი კრედო, რომ ყველაზე მაღლა დგას ქვეყანა, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა და მისი სამშობლოა და ვერავითარი ფული, თუნდაც მილიარდები და აქ ჩვენ ვნახეთ რომ 600 მილიონი ამერიკული დოლარი მას უკანონოდ ჰქონდა წართმეული და მილიარდზე მეტ დოლარზეა ახლა დავა სინგაპურში. რაც არ უნდა დიდი იყოს თანხა, არ გამოაყენებინებს ის ამას ბერკეტად იმისათვის, რომ მან შეიცვალოს პოზიცია და ქართული სახელმწიფო გაწიროს. უარი თქვას იმაზე, რაც მისთვის ყველაზე მთავარია, ეს არის სამშობლო. ფულის გამო კი არა, მე მახსოვს და თქვენც გახსოვთ განსაკუთრებით, ვინც მედიაში ბრძანდებით, რომ მისი სიცოცხლის საფრთხეც იყო და მან ამის წინაშეც კი არ დაიხია 2011-12 წლებში უკან და ბოლომდე გაიტანა ის, რაც იყო ქვეყნის ინტერესი. ამიტომ სიცოცხლესთან ფული მოსატანი არც არის. როგორც ჩანს ის ვიღაცა თუ ვიღაცები, ყოველ შემთხვევაში ის დიდი მახინა, რაც მას ებრძვის და ეს ფაქტია, მას არ ებრძვიან უბრალო ადამიანები, როგორც ჩანს, მას ებრძვის ძალიან დიდი მანქანა, ამ მანქანამ ვერ გაითვალისწინა, ვისთან აქვს საქმე“ - აცხადებს თეა წულუკიანი.


close დახურვა