logo
ENG



წულუკიანი: მთავრობას არ უმსჯელია უნდა გამოცხადდეს თუ არა ქვეყანაში კარანტინი

27 მარ 202020:36
3 წუთის საკითხავი
 

 

ქვეყანა ვირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში შედის, ასეთია სპეციალისტებისა და საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნაწილის მოლოდინი. არ არის გამორიცხული, რომ ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს და საქართველოს სხვა რეგიონებშიც, მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, თუმცა როგორც ჩანს, ამ თემაზე საერთო აზრი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს ისევ არ აქვთ.

საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიის წარმომადგენლებთან დაადასტურა, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა მუშაობს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება თუ საქართველოს მოქალაქეები რეკომენდაციებს უპასუხისმგებლოდ შეასრულებენ. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, არ არის გამორიცხული,  რომ კარანტინი აღდგომის დღესასწაულებამდეც გამოცხადდეს.

„თუ არ იქნა ადეკვატური ქცევა საზოგადოების, რა თქმა უნდა დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის. საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ, როცა ეს დადგება საჭირო ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მასიური გავრცელება. ევროპაში სადაც დაბინძურების ხარისხი არის მაღალი გავრცელების მაჩვენებელი არის მზარდი, რა თქმა უნდა ამ პროგნოზებიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო ადრე დაგვჭირდეს საკარანტინო რეჟიმის შემოღება ვიდრე ეს იქნება აღდგომა“,-განაცხდა დიმიტრი ხუნდაძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განსხვავებული კომენტარები გააკეთეს, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობას საყოველთაო კარანტინის შემოღებაზე არ უმსჯელია და ეს საკითხიო დღის წესრიგში დადგა თუ ქვეყანაში არსებული ვითარება გართულდება.

 „საყოველთაო კარანტინი უნდა გამოცხადდეს თუ არა ამაზე არავითარი მსჯელობა უწყებათაშორის საბჭოს ფარგლებზე დღემდე არ შემდგარა, რადგან ჩვენ გვჯერა რომ თითოეული რეკომენდაცია, რომელიც ვრცელდება თითოეული ჩვენგანი მკაცრად დავიცავთ და არ იქნება ამ ზომის გამოცხადება საჭირო. დღემდე არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ ამის საჭიროება არსებობს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პაატა იმნაძემ განაცხადა რომ მედიკოსებს ხელისუფლებისთვის კარანტინის გამოცხადების რეკომენდაციით არ მიუმართავთ.

„ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია ჩვენგან არ არის, როგორც კი ჩვენ ამის საჭიროებას დავინახავთ იმედი გვაქვს რომ ეს განხორციელდება მომენტალურად“,-განაცხადა პაატა იმანძემ.

საქართველოში კარანტინის რეჟიმი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს. 2020 წლის 21 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 


close დახურვა