logo
ENG



წულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ

27 ოქტ 202117:32
3 წუთის საკითხავი
 

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართული ოცნების აქციაზე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს მიმართა, რომ გამოიხედოს ციხის საკნიდან და ნახოს იქ შეკრებილი "თავისუფალი ადამიანები". 

"მე მინდა, შევახსენო ყველას, რომ დღეს ჩვენ, ქართულ ოცნებას ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული. სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ, დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ.

ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთვრდებოდა, არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება", - თქვა წულუკიანმა აქციაზე.

მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის სართულზე ყველა ფანჯარა დაბურა ისე, რომ გარედან კამერამ ვერ დააფიქსიროს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, მნახველს კი მისი წერილის გატანის საშუალება აღარ აქვს. 

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ცნობით, სააკაშვილს შეეზღუდა მასთან უსაფრთხო კომუნიკაციაც. კერძოდ, ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს წაერთვა დაცვის უფლება, რადგან ახლა მასსა და იურისტებს შორის ნებისმიერ კომუნიკაციას ხელისუფლება გააკონტროლებს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა