logo
ENG



წულუკიანი: სტურუას მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, მისი გათავისუფლება არ იგეგმება

16 აპრ 202109:38
3 წუთის საკითხავი
 

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსახიობ ნინუცა მაყაშვილსა და ბესო ზანგურს მოუწოდა შესაძლო ძალადობის საქმეზე ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ამასთან, მან განაცხადა, რომ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება.

წულუკიანი რამდენიმე დღის შემდეგ გამოეხმაურა ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ბესო ზანგურის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე.

"ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არათუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. [...] 

რამდენადაც ვიცი, ნინუცა მაყაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული იყო საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ არ მისულა. იმედია, უარს არ აცხადებს, თუნდაც ფიქრობდეს, რომ 11 წლის შემდეგ გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარულიო. მინდა ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან. [...]

მე ვთვლი, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არამხოლოდ ერთმა მხარემ, მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს. კარგი იქნება თუ დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, რადგან მე მოწოდების გარდა არაფერი შემიძლია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მანვე თქვა, რომ რობერტ სტურუას "მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს", ამიტომ რჩება თეატრში: 

"ეს არის ის ადამიანი, რომელსაც დამეთანხმებით, მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს, ჩვენ მას, ყველამ ერთად, პირველ რიგში, მსახიობებმა და მინისტრმა უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშავოს. კარგი იქნება, თუ შევწვეტთ მასზე თავდასხმებს". 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში ისაუბრა. მსახიობის ნაამბობმა თეატრის მსახიობებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - უმეტესმა მათგანმა სავარაუდო ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარი დაუჭირა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრალური საზოგადოების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა სავარაუდო მოძალადეს გამოუცხადა მხარდაჭერა.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც, რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგურის მონაწილეობით დადგმული სპექტაკლი ჩახსნა, თუმცა მსახიობი თეატრიდან არ გაათავისუფლა.


close დახურვა