„სუროგაციის ინსტიტუტი, რომელიც 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა, რეგულაციების არარსებობის გამო, ტრეფიკინგის ღია წყარო იყო“, - ამბობს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანი.
მისი თქმით, მარტოხელა მშობელს სუროგაციის უფლება არასდროს ჰქონია და ეს დღესაც ასეა.
"როდესაც 2012 წლის გაზაფხულზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ქვეყანაში შემოიტანა სუროგაციის ინსტიტუტი, მაშინვე, იმ პერიოდიდანვე არ იყო დაშვებული ერთი ადამიანის მიერ სუროგაციის პროცესი, მარტოხელა მშობლის მიერ. შესაბამისად, დღეს აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ სუროგაცია რომ შემოიტანა საქართველოში, მარტოხელა მშობელს არ მისცა სუროგაციის უფლება, ვფიქრობ, არის დაგვიანებული მინიმუმ რვა წლით. როგორც არ იყო მარტოხელა მშობლისთვის სუროგაცია 2012 წლის აპრილში შესაძლებელი, ისე არ არის ეს დღეს. რვა წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოტანილ აბსოლუტურად რეგულაციების გარეშე სუროგაციას, რომელიც ტრეფიკინგის ღია წყარო იყო, შევუქმენით გარკვეული პირობები, რათა ჩვენი შვილებით ვაჭრობა საქართველოში იყოს შეუძლებელი", - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ წყვილებისთვის სუროგაცია კვლავ შესაძლებელია, თუმცა გარკვეული პირობებია დაწესებული იმისათვის, რომ ბავშვის და სუროგატი დედის უფლებები დაცული იყოს.
"ვინც არის ან უნაყოფო წყვილი, ან წყვილი რომელსაც ჰყავს შვილები, მაგრამ უნდა რომ ჰყავდეს სხვა ბავშვი სუროგაციის მეშვეობით, რა თქმა უნდა, მათთვის სუროგაცია კვლავ შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული დათქმებით, რათა არამხოლოდ ბავშვის, არამედ იმ სუროგატი დედის უფლებებიც იყოს დაცული. ძირითადად, ესენი არიან 100% საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ქალები, რომელთა მუცელს და საშვილოსნოს იყენებენ ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან უცხოეთიდან და სუროგაციის სერვისით საქართველოში ქართველი ქალები ემსახურებიან მოქალაქეებს რომელთა 90% არის უცხოელი. რა თქმა უნდა, ეს არ იკრძალება, მაგრამ არის მკაცრი რეგულაციები. ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში, ქალთა უფლებები უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ექსტრაკორპორული გზით განაყოფიერების სერვისით (სუროგაცია) სარგებლობა მხოლოდ იმ წყვილებს შეეძლებათ, რომლებიც ქორწინებაში ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში მინიმუმ 1 წელია იმყოფებიან.
"ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით", - წერია წულუკიანის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ინიცირებულ ცვლილებებში.
ბრძანება 2020 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.