logo
ENG



წულუკიანი კრივის ფედერაციის პრეზიდენტს ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს, წიკლაური უარყოფს

29 სექ 202211:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/29/qspsxvjdjjoskre.jpg

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი კრივის ფედერაციის პრეზიდენტს ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. წულუკიანი ამბობს, რომ დავით წიკლაური მისკენ დასარტყმელად გაიწია.

მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა ფედერაციის პრეზიდენტიც და აცხადებს, რომ ბრალდებები სიცრუეა.

თეა წულუკიანმა 22 სექტემბერს პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მას, როგორც ქალ მინისტრს, სპორტის ფედერაციებთან ქალთა უფლების კუთხით ბევრი პრობლემა აქვს. მოგვიანებით კი პირველი არხის ეთერში თქვა, რომ ერთ-ერთი ფედერაციის პრეზიდენტი მისკენ ხელით გაიწია, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვისზე იყო საუბარი.

28 სექტემბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში წულუკიანმა თქვა, რომ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმა სცადა.

"მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ის ითხოვდა ფულს და როცა მიიღო პასუხი, რომ ეს შეუძლებელია ახლა, მოდი ვიმუშავოთ, გამოაგზავნეთ რა გაქვთ საჭიროებები და ვიმსჯელებთ, მან გააგრძელა შეურაცხყოფა ჩემი მოადგილის, შემდეგ... ეს არის ფაქტი, რომელსაც ათეულობით ადამიანი ესწრებოდა", - თქვა წულუკიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ იპოვეს ფორმა, რათა ფედერაციის გვერდის ავლით გააგრძელონ მოკრივეების დაფინანსება.

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მინისტრის შურისძიების ობიექტია, რადგან უარი თქვა შეესრულებინა მის ულტიმატუმზე და ფედერაციიდან წამოსულიყო.

"წინა პოსტში დავწერე, კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ სამინისტროში რომ დაგვიბარეს და ჩვენ ყველას გვეგონა უნდოდათ მოელოცათ ეს გამარჯვება.. სინამდვილეში კი, რასაც ჰქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა. და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, მერე სულ გაგვინულეს. [...]

ვინც მე მიცნობს იცის,როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ. უბრალოდ, ყველაფერი ნათელია, ის ფაქტი რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე, აი, სწორედ ამ სტატუსით, მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი შემომითვალეს, რომ სჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ "ჩემს უკან ოჯახი დგას'' ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა", - წერს წიკლაური ფეისბუქზე.


close დახურვა