logo
ENG



წულუკიანი ნინოწმინდაზე: თუ რამეა, შესაბამისი უწყება გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით

20 მაი 202111:45
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი ნინოწმინდაზე: თუ რამეა, შესაბამისი უწყება გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში თუკი რაიმე იქნება გამოსასწორებელი, შესაბამისი სახელმწიფო უწყება ითანამშრომლებს ეკლესიასთან და მოაგვარებს პრობლემას.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის უფლებას არ აძლევენ. სხალთის ეპისოკოპოსი ამბიონიდან ჰომოფობიურ  განცხადებებს აკეთებს და სწორედ ასე ხსნის მიზეზს, თუ რატომ არ უშვებს სახალხო დამცველს პანსიონში მდგომარეობის შესასწავლად.

წულუკიანის თქმით, ის ნინოწმინდის პანსიონს არ იცნობს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ბათუმში მსგავს დაწესებულებაში არანაირი პრობლემა არ აღმოუჩენია.

„სახელმწიფოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ეპარქია, შედიან უპრობლემოდ. სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ, თუ რამეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით. 

ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავს დაწესებულებას და მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტს, არცერთი პრობლემა არ დამინახავს.

ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ. სახალხო დამცველი რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, მისი წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ისევ არ შეუშვეს.

მათი ცნობით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დასახელდა. 

სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე, იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილსაც ვერ მოახერხა. 

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის. თუმცა, მონიტორინგის განხორციელება ვერ ხერხდება - ეპისკოპოსი ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ უშვებს, 2020 წლის ივნისის შემდეგ კი დაწესებულებაში მხოლოდ 1 სოციალური მუშაკი 14 მაისს შევიდა. 


close დახურვა