logo
ENG



წულუკიანი ოპოზიციაზე: ძნელია განასხვავო, მებოიკოტეები არიან თუ ქუჩის საბოტაჟნიკები

23 დეკ 202013:04
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონის მიღება არ ხდება იმიტომ, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. წულუკიანის თქმით, უნდა გაივლოს ზღვარი საბოტაჟსა და ბოიკოტს შორის, რადგან ბოიკოტი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია.

წულუკიანის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა განყოფილებებმა ამომრჩეველს უღალატეს და სწორედ იმ მანდატების ფული ერთმევათ პარტიებს, რომლებიც არ აითვისეს.

"პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია განასხვავო  პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები არიან და პოლიტიკოსები თუ ქუჩის საბოტაჟნიკები, ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ. ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა. მოგვწონს თუ არა, ნაციონალური მოძრაობის და მისი სხვადასხვა განყოფილების, იქნება ეს ევროპული საქართველო, გირჩი, მირჩი... კიდევ არ ვიცი რა ქვიათ, აღმაშენებელი, სამეფო პარტია... მათ ყავთ ამომრჩეველი და ისინი მრავლად არიან. მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, რაც არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევათ მათ", - აცხადებს წულუკიანი.

მისი თქმით, თუ პარტიები მანდატებს აითვისებენ და შემდგომ არ ივლიან პარლამენტში, დაფინანსება არ შეუწყდებათ, მაგრამ არც ეს იქნება მისასალმაბელი საქციელი. 

 ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს თქვა, რომ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. კობახიძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. 


close დახურვა