logo
ENG



წულუკიანი შენობების დემონტაჟზე: კანონიერება არ ნიშნავს, რომ ის მარტივი გადასატანია

15 დეკ 202023:16
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი შენობების დემონტაჟზე: კანონიერება არ ნიშნავს, რომ ის მარტივი გადასატანია

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ღამის კურიერის ეთერში აფრიკის დასახლებაში მერიის მხრიდან საცხოვრებელი სახლების შენობების დემონტაჟზე ისაუბრა და განაცხადა, კანონიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, კადრები მძიმე საყურებელი იყო.

წულუკიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანებს საცხოვრებელი არ აქვთ, მერიამ მათთვის სახლ-კარი მოიძიოს.

"რამდენიმე მარტივი, რეალობის შესაბამისი რამე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დიახ, მძიმე კადრები, რომ დიახ, ეს, ალბათ, ახლა, ამ სუსხში და ზამთრის პერიოდში რატომ იყო საჭირო. თუმცა, ამ კითხვაზე მერმა ისაუბრა და მას აქვს პასუხები თუ რატომ მიიღო მერიამ ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ჩემთვის, მთავარი არის, რომ ვინაიდან ეს იყო მძიმე კადრები, მძიმე გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონიერი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, კანონიერება არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ კონტექსტში მარტივი გადასატანია ამა თუ იმ ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მერიამ ყველაფერი გააკეთოს, რომ არც ერთი ამ ადამიანთაგანი, თუ კი სიმართლეა, რომ მათ სხვა საცხოვრისი არ აქვთ და მშენებარე სახლების დასრულებას და იქ შესახლებას გეგმავდნენ, რომ არ დარჩნენ ჭერის გარეშე", - განაცხადა წულუკიანმა. 

დედაქალაქის მერიამ დღეს, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. 

"ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა ალტერნატივა აქვს მერიას იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლი არ აქვს. როგორც მან განაცხადა, ვისაც გარკვეული პრობლემა აქვს, ან სახლი დაენგრა, გამგეობები გამოყოფენ თანხებს და მათ დაეხმარებიან.

დემონტაჟის პროცესს გამოეხმაურა ომბუდსმენი და განაცხადა, რომ დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. ლომჯარიას თქმით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას.

ამავდროულად, საია ეხმაურება 15 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს და მოუწოდებს თბილისის მერიას შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

დემონტაჟის პროცესს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც" ეხმაურება და აცხადებს, რომ მძიმე ეპიდემიური სიტუაციის ფონზე, არსებული რთული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობისა და ზამთრის მძიმე პირობების გათვალისწინებით, მსგავსი მკაცრი ზომების გამოყენებით, თბილისის მერია ამ შენობებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მისცა. 

"მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს პირღიები. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები". - თქვა მან. 

არჩევნებამდე, მაშინ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი და უკვე დეპუტატი, სოზარ სუბარი "აფრიკის" დასახლების მცხოვრებლებს მშენებლობების დაკანონებაში დახმარებას დაჰპირდა. 

ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი სამგორში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის პროცესს ეხმაურება  და აცხადებს, რომ ის მოსახლეობას ვერაფრს დაჰპირდებოდა, რაც კანონის ფარგლებში არ ჯდება. 


close დახურვა