logo
ENG



წულუკიანი ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ: გაირკვა, მისი კომენტარი ევროკავშირის პოზიცია არაა

04 თებ 202115:04
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარლამენტში თეა წულუკიანთან შესახვედრად მივიდა მას შემდეგ, რაც მან გვარამიას ტელეფონის ნომერზე დეპუტატის განცხადება გააკრიტიკა და "არაეთიკური" უწოდა. წულუკიანის თქმით, შეხვედრა "საინტერესო" და "ნაყოფიერი" იყო. მისი თქმით, ჰარცელმა განუცხადა, რომ მისი კომენტარი "პირადი აზრი იყო და არა ევროკავშირის პოზიცია". 

"ამ შეხვედრის დროს გაირკვა, როგორც მან აღნიშნა, გუშინდელი განცხადება ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით არის მისი პირადი პოზიცია, პირადი აზრი, რაც ნიშნავს, რომ ეს არაა ევროკავშირის პოზიცია", - განაცხადა წულუკიანმა. 

თეა წულუკიანმა ჰარცელი ფეისბუქპოსტის მეშვეობით მიიწვია ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებაზე სასაუბროდ. შეხვედრიდან გამოსულმა ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმავე აზრზე რჩება, თუმცა საჯაროდ არ მოყვება, რაზე ისაუბრა წულუკიანთან. 

"შეხვედრას მივესალმები, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია საუბარი. როგორც ვიცი, ჩემი გუშინდელი კომენტარის გამო ის უკმაყოფილო იყო, რომ შესაძლებლობა გვქონდა ამაზე გვესაუბრა და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს გვესმის ერთმანეთის პოზიცია. მე ჩემს აზრზე ვრჩები, არ ვაპირებ განვიხლო საუბარი, რომელიც ჩვენ შორის შედგა, როგორც გითხარით ასეთი საუბრები სასარგებლოა", - თქვა ჰარცელმა. 

მანამდე, მან განაცხადა, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვება მისთვის "უსიამოვნო სიურპრიზი" იყო.

"როდესაც გუშინ ეს ფაქტი ვნახე, ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მგონია, რომ არაეთიკური იყო. ვიცი, რომ სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს ამ საკითხს და ვნახავთ, რას იქნება მათი მოსაზრება", - თქვა ჰარცელმა.

თეა წულუკიანმა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოაცხადა. ის პარლამენტში ახლადშესულ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, მის პირველ საპარლამენტო სხდომაზე გამოსვლისას, თავისი მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

წულუკიანმა ელისაშვილს უთხარა, რომ თავადაც სურდა ნომრის გამოცხადება, თუმცა, სანაცვლოდ, გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, პარლამენტში გამოსვლის ტექსტები მასთან შეეთანხმებინა. 

"ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?", - განაცხადა წულუკიანმა. 

 


close დახურვა