logo
ENG



წულუკიანის მტკიცებით, რუსულ კანონს მხარს 60% უჭერს, თუმცა არ ამბობს - რომელი კვლევით

20 მაი 202413:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/4vhjksv0cszeam6.jpeg

"გამჭვირვალობის" მომხრე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი არ ასახელებს, ვინ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, მისივე მტკიცებით, რუსულ კანონს მხარს მოსახლეობის 60% უჭერს.

"კვლევის შედეგი არის, რომ ჩვენი საზოგადოების 80% ამბობს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელი და ამ კანონს უჭერს მხარს ძალიან დიდი უმრავლესობა - დაახლოებით 60%", - ამბობს წულუკიანი.

ჟურნალისტმა წულუკიანს ჰკითხა, დაასახელოს ორგანიზაცია და მიაწოდოს კვლევის შედეგები საზოგადოებას, რამაც წულუკიანი გააღიზიანა და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ახსნილი იქნა, რომ ეს არის გამჭვირვალე ორგანიზაცია, რომელიც არის მაღალი რეპუტაციის მქონე... თქვენ რომ მე მენდობოდეთ, ეს იქნებოდა ჩემთვის რეპუტაციული პრობლემა...

პასუხი მაქვს კი, რომელსაც თქვენ ვერ მოისმენთ იმიტომ, რომ იმ პასუხის მოსასმენი არხები დიდი ხანია დახშული გაქვთ", - მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს.

მისივე თქმით, ორგანიზაციას "ვერ კი არა, არ ასახელებენ".

განსხვავებული სურათია ავტორიტეტული ორგანიზაციებს კვლევებით, რომელთა მეთოდოლოგია საჯაროა, მაგალითად Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ რუსული კანონი საჭირო არ არის.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა საქართველოში ქართული ოცნების მიერ ინიციირებული "გამჭვირვალობის კანონი?" - 68% მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო, ხოლო 32% ამბობს, რომ საჭიროა.

ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:

18-24 წლის მოსახლეობა - 82% ამბობს, რომ არ არის საჭირო

24-34 - 74% აცხადებს, რომ არ არის საჭირო

35-44 - 71%-სთვის არ არის საჭირო

45-54 - 66%-სთვის არ არის საჭირო

55-64 - 62% ამბობს, რომ არ არის საჭირო

65+ - 57% ამბობს, რომ არ არის საჭირო


close დახურვა