logo
ENG



წყალტუბოს სასამართლომ ENKA 5000 ლარით დააჯარიმა

28 აპრ 202112:53
3 წუთის საკითხავი
 
ეკა ფხაკაძე

წყალტუბოს სასამართლომ კომპანია ენკა-ს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობაში სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დაჯარიმდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კომპანიას ედავება მოსამზადებელი სამუშაოების ისე დაწყებას, რომ არ შეასრულა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული 15 პირობა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუთითა შპს "ენკა რინიუებზლის" მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესახებ და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება.

პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან "რიონის მცველები" შეიკრიბნენ. 

მარიტა მუსელიანის თქმით, 5 ათასი ლარი ცოტაა, თუმცა, ფაქტის აღიარება, რომ ენკა დარღვევებით მუშაობს, კომპანიის რეპუტაციას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. 

"გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური მიუთითებს მოსამართლეს იმ დარღვევაზე, რომ ენკა გადასულია მშენებლობის, მათ შორის კაშხლის აშენების ეტაპზე". - თქვა მუსელიანმა

"რიონის მცველები" 2020 წლის ივლისიდან უწყვეტად მართავენ საპროტესტო აქციებს და ითხოვენ: 

შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

 "რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ.

24 აპრილს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდება, ხოლო კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის. ამავე ცნობით, კომპანია ენკა პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს.

წინა დღეს, 3 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ  სამ პირობასთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა. 

"რიონის მცველებმა" მასშტაბური აქცია თბილისში 23 მაისს დაგეგმა. 


close დახურვა