ფორმულას წყაროს ცნობით, თბილისის მერსა და ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს პრემიერმინისტრობა სურს. კერძოდ, მანამდე, მან პარტიის თავმჯდომარეობის სურვილიც გამოთქვა, თუმცა მისი და ირაკლი კობახიძის ინტერესები გადაიკვეთა. წყარო ყვება, რომ ამისათვის, შესაძლოა კალაძემ თანამდებობა დატოვოს.
ფორმულასთან საუბარში ამაზე საუბრობს ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე:
"თავისი პრეტენზიები აქვს დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. მას აქვს პრეტენზია, გახდეს პრემიერმინისტრი. ვნახოთ, რომელი ფრთა მოიგებს".
დღეს, 11 იანვარს ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კობახიძის კანდიდატურას კენჭს შაბათს, 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე უყრიან.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.