logo
ENG



წყლის მიწოდების მოთხოვნით თეთრიწყაროს სოფელ ჯორჯიაშვილში ადგილობრივებმა აქცია გამართეს

05 ივლ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილის მოსახლეობამ. ისინი გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მოსავალი თითქმის გაუნადგურდათ. აქციაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მივიდნენ და მოსახლეობასთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ.

მოსახლეობა წყლის პრობლემას კორუფციულ გარიგებასა და პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას უკავშირებს.

ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები მელიორაციის გადასახადისგან თავისუფლდებიან. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც ეს ხელშეკრულება დაიდო, მათ წყალი 10-დღიანი ინტერვალით მიეწოდებათ. მათი თქმით, 10-დღიანი ინტერვალი მოსავლის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ისინი მოსავლის გარეშე დარჩებიან.

 „10 დღის ინტერვალი ჩვენს სოფელს არ წაადგება. ბაღჩეული გადახმა, ბავშვები გვყავს, სახლში დაბანა ხომ გვინდა, სარეცხი ხო გვინდა, ელემენტარული პირობები ხომ უნდა გვქონდეს წყლისთვის. ივანიშვილიც რომ მოიყვანოთ, წყალს არ გამოვუშვებთ 10 რიცხვამდე“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილობრივი მოსახლეობა ასევე აცხადებს, რომ მათ, უკვე წლებია, წყალი არ მიეწოდებათ. თეთრიწყაროს გამგებლის, გიორგი ქორიძის თქმით, წყლის პრობლემის გადაჭრის დაპირება მან არჩევნებზე გასცა, თუმცა იმისთვის, რომ ერთ სოფელს წყლის მომარაგება აღუდგეს, 2 მილიონზე მეტია საჭირო.

„წყალი არ არსებობს ამჟამად, მელიორაცია გამოუშვებს, რაც არის გრაფიკით.  გამოცხადებულია ტენდერი 2400.000-იანი და წყალი კეთდება“ , - აცხადებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის ადგილზე საპროტესტო აქცია აღარ მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ ხვალიდან სოფელში წყლის მომარაგება აღდგება.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ თუ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი პრობლემას ვერ მოაგვარებს, ისინი არჩევნებში მმართველ გუნდს მხარს აღარ დაუჭერენ.


close დახურვა