logo
ENG



ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები სრულდება - კახა კალაძე

17 ივნ 202011:29
3 წუთის საკითხავი
 

კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე ძირითადი სამუშაოები ორშაბათს უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, დარჩენილია მხოლოდ ერთ მონაკვეთზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, სამ სხვადასხვა გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება - ისინი ადაპტირდება შშმ პირთათვის, დაიხაზება ახალი ველი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და განახლდება გარეგანათებები.

„ორიოდე სიტყვა ჭავჭავაძის გამზირზე - დაიწყო ბოლო ფენის მოასფალტება ვაკის პარკის მიმართულებით. ორშაბათისთვის იქნება ეს სამუშაოები დასრულებული.  თუმცა გარკვეული დრო დასჭირდება სრულ განახლებას - დახაზვას, განათების ბოძების შეცვლას. ახალდაგებულ ასფალტზე, როგორც იცით, დახაზვა არ შეიძლება. ჯამში, გამზირი საინტერესო გამოდის. ახალი ზოლებია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დავიწყეთ - დღეს უკვე ორივე დასრულებულია ზედა ფენებში, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები არის დამთავრებული. ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების, ველობილიკების მოწყობა. შეიცვალა საზ. ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურა. საგზაო სამუშაოები არის დასრულებული, ათ დღეში პროექტი დასრულდება სრულად". 

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ დასრულდა ბარათაშვილის რეაბილიტაცია. მისი თქმით, "განახლდა ის მონაკვეთი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. მიმდინარეობს ბუნებრივი ქვით მოწყობა და ადაპტირდება შშმ პირთათვის".

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, დედაქალაქის მერის განცხადებით, 15 ივნისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


close დახურვა