logo
ENG



ჭიაბერაშვილი: ახლა საჭიროა ნებისმიერი საქალაქთაშორისო მიმოსვლის ჩაკეტვა

23 მარ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ კრიზისის მართვა - ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ პირველი, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, არის სწრაფი ტესტის შემოტანა ქვეყაბაში.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, ახლა საჭიროა ნებისმიერი საქალაქთაშორისო მიმოსვლის ჩაკეტვა.

„მარნეული ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ დავინახეთ ხარვეზი - ის, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ახლა მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვა სწორია, მაგრამ ახლა საჭიროა ნებისმიერი საქალაქთაშორისო მიმოსვლის ჩაკეტვა. ვირუსმა ზღუდეები გაარღვია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ რაც კი რესურსი გვაქვს, ეს ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. სააავადმყოფოები ყველა საგანგებო რეჟიმზე უნდა გადავიდნენ, რათა თავად არ იქცნენ ინფექციის კერად“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანიდან შემოვიდა ადამიანი, ის კარანტინში უნდა ყოფილიყო.

„გუშინ შუადღეს ბატონი ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის მიერ გაჟღერდა, რომ ეს ადამიანი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. შემდგომ ეს ინფორმაცია პრემიერმა არ დაადასტურა. თუ ეს ადამიანი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, რატომ არ იყო იყო ის კარანტინში. მეორე ჩემი შეკითხვაა, თუ ეს ადამიანი იწვა პნევმონიით, რატომ არ მოხდა სამი დღის მანძილზე ტესტირება მისი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. არიან გამოჯანმრთელებული პაციენტები - კერძოდ, ასეთი 8 პირია. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა. ამის გამო, მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული. 


close დახურვა