„ვაჟა გაფრინდაშვილი სრულიად მარტო დაუპირისპირდა მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას,“ - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე აქვეყნებს.
მისი განცხადებით, ნებისმიერი კონტაქტი ქართულ სახელმწიფოსთან - იქნება ეს ჯანდაცვის 2009 წელს დაწყებული პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, თუ ინდივიდუალური ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ პაციენტის მონახულება - რუსეთის გაცოფებას იწვევს.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, ვაჟა გაფრინდაშვილის გმირობა მხოლოდ ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულებაში კი არ გამოიხატება, არამედ იმაში, რომ სრულიად მარტო დაუპირისპირდა მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების დაცლაა, მით უმეტეს, ეთნიკური ქართველებისგან. ნებისმიერი კონტაქტი ქართულ სახელმწიფოსთან - იქნება ეს ჯანდაცვის 2009 წელს დაწყებული პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის, განურჩევლად ეთნიკურობისა, თუ ინდივიდუალური ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ პაციენტის მონახულება - მათ გაცოფებას იწვევს.
მახსოვს ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსების განსაკუთრებული გაღიზიანება იმით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებსა თუ ოსებს თბილისსა თუ ქუთაისში მკურნალობის საშუალება მივეცით.
ვაჟა გაფრინდაშვილის გმირობა მხოლოდ ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულებაში კი არ გამოიხატება, არამედ განსაკუთრებით იმაში, რომ სრულიად მარტო დაუპირისპირდა მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამასთან, ვაჟა გაფრინდაშვილმა გვაჩვენა, რომ მშვიდობა მოჩვენებითია, როდესაც თბილისიდან 40 კილომეტრში მტერია. ისე მივეჩვიეთ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან ხალხის გატაცებას - მით უმეტეს, თუკი თბილისი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს - რომ პროტესტი გრძნობა თითქოს მინავლებულია.
ვაჟა გაფრინდაშვილმა ამ ნაღვერდალს სული შეუბერა.
ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია.
თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!“ - წერს ჭიაბერაშვილი.