logo
ENG



ჭიაბერაშვილი: ფართო დიაგნოსტიკა აუცილებელია, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ მოხდეს

29 აპრ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოსები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მასობრივი ტესტირების პროცესი ქვეყანაში უკვე დიდი ხნის დაწყებული უნდა იყოს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ფართო დიაგნოსტიკა საკვანძოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს და ვითარება უკონტროლო არ გახდეს.

„აუცილებელია დიაგნოსტიკის ალგორითმში ჩამოთვლილ ყველა რისკჯგუფს რეგულარულად უტარდებოდეს ტესტირება სწრაფი ტესტების მეშვეობით. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უკლებლივ ყველა სამედიცინო პერსონალს. ამავდროულად, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კიდევ უფრო ფართო იყოს ტესტირება იმ სავარაუდო კონტაქტებისა, რომლებიც უკვე ინფიცირებულებს ჰქონდათ. იმისათვის, რომ არ გვქონდეს ვირუსის უკონტროლო და ფარული გავრცელება, არ მივიღოთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, ამისათვის ფართო დიაგნოსტიკა არის საკვანძოდ აუცილებელი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავის მიერვე შემუშავებულ პროტოკოლს არ ასრულებს, რომლის მიხედვითაც, მუდმივად უნდა უტარდებოდეს ტესტირება რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, განსაკუთრებით მედპერსონალს.

„ის განცხადებები, რაც გაკეთდა, მიუთითებს, რომ ვიწრო ჯგუფებზე არის ორიენტირებული მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო. თუნდაც საკუთარი პირველ აპრილს მიღებული პროტოკოლის და ალგორითმის მიხედვითაც კი, უფრო მეტი ადამიანია დასატესტი და ამასაც კი არ მისდევს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო, რაც ბევრ კითხვას აჩენს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

უკვე რამდენიმე კვირაა, მასობრივი ტესტირების საკითხი მწვავე დისკუსიის საგანია. რამდენიმე კერძო კლინიკა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, რომ მათთვისაც მიეცათ საშუალება შემოეტანათ ქვეყანაში სწრაფი ტესტები. რაც შეეხება კითხვას, რა რაოდენობის ტესტები აქვს მთავრობას, რამდენი შეიძინა და რამდენი გადაეცა უსასყიდლოდ, ამაზე პასუხს ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად მიმართა.


close დახურვა