logo
ENG



ჭიაბერაშვილი: შექმნილ ვითარებაში ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი გადასახადების დაწევაა

11 მარ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებით მიმართავენ.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შექმნილ ვითარებაში მთავრობამ უნდა გადადგას, გადასახადების შემცირებაა.

„მთავრობის დადგენილება კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლის შესახებ მიღებულია 28 იანვარს. მარტის შუა პერიოდია და ახლა იწყებენ ფიქრს, როგორ დაეხმარონ ჩვენი ბიზნესის უდიდეს ნაწილს, რომელზეც აისახება მძიმედ კორონავირუსის ეფექტი. ჩვენ შევთავაზეთ მარტივი და ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი, ეს არის ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება, ანუ გადასახადების დაწევა, რომ საშემოსავლო გადასახადიც დავწიოთ და ქონების გადასახადიც გავანახევროთ. მეორე მხრივ, ფასების სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავზე აქციზი შევამციროთ 25%-ით“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გადასახადების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძეც.

„დღეს 100 ათასი ლარის ბრუნვა დღგ-დან არის გათავისუფლებული. ეს ჭერი უნდა იყოს აწეული. უნდა იყოს სულ მცირე 150 ან 200 ათასი. მეორე - მცირე ბიზნესსაწარმოები, რომელთა ბრუნვა არის 500 ათასი ლარი, უნდა გათავისუფლდნენ ყველანაირი გადასახადებისგან. მესამე - წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმისა და მომიჯნავე სექტორში საშემოსავლო და მოგების გადასახადების გადახდაზე. ეს არ ნიშნავს გათავისუფლებას, 2021 წელს ამას ამოიღებენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხელისუფლებას მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდებენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებიც. ისინი შექმნილი ვითარების განსახილველად საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური ბლოკის მინისტრების მისვლას ითხოვენ.

„პანიკა თუ დაიწყო ქვეყანაში, ამის გაჩერება მერე არის ყოველთვის უფრო მეტად რთული, ვიდრე მისი პრევენცია. მე ვთვლი, რომ სამინიტროს წარმომადგენლები, მთავრობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ აქ მოსული. ყველა ხვდება საკითხის სერიოზულობას. დღეს ესე უდარდელად, როცა ქვეყანაში მარაგები არ არსებობს, ვინ უნდა მართოს კრიზისულ მდგომარეობაში, როდესაც ჯანდაცვის სფერო დღეს აბსოლუტურად კომერციალიზებულია და არავინ მათ არ ზღუდავს არც ფასების დაწესებაში და არც რაოდენობას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ფორმსმაჟორის წინაშე მოუწევს დადგომა“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარები არ გაუკეთებიათ. 


close დახურვა