ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა.
ბრძანება მან დღეს, 30 მაისს, ქადაგების დროს გამოაცხადა.
მიზეზად ეპისკოპოსმა "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხი" დაასახელა.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისთვის, სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისთვის, რაც გამოვლინდა ასევე სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების აღწერისა და გადმობარების მიზნით შექმნილი კომისიისადმი მიზანმიმართული და უხეში წინააღმდეგობის სახით [...] განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი გვილავა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. დღეიდან მას აღარ ეწოდება იღუმენი დანიელი, არამედ ეწოდება მონაზონი დანიელ გვილავა. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის და გამოქვეყნებისთანავე". - თქვა ეპისკოპოსმა სტეფანემ.
თავის მხრივ, იღუმენი დანიელი ჭყონდიდის მიტროპოლიტს საეკლესიო კანონების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. წერილში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, იღუმენმა მიუთითა, რომ სანამ წმინდა სინოდი სასულიერო პირების სააპელაციო საჩივარს არ განიხილავს, ისიც და სხვა დასჯილი სასულიერო პირებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ.
ეპისკოპოსმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმსახურების უფლება რამდენიმე სასულიერო პირს შეუჩერა, მათ შორის იღუმენ დანიელსაც. სასულიერო პირებმა ეს გადაწყვეტილება წმინდა სინოდში გაასაჩივრეს, თუმცა, სინოდს საჩივარი არ განუხილავს.
საპატრიარქოს და უშუალოდ მიტროპოლიტი სტეფანეს მიმართ გაჩნდა კიდევ ერთი ბრალდება - როგორც მის მიერ მსახურების უფლებაშეჩერებული სასულიერო პირები ამბობენ, პეტრე ცაავას მიტროპოლიტობის დროს ეპარქიაში გაიხსნა წყლის ქარხანა, რომლის გადაბარებაც მოხდა 2019 წლის ნოემბერში შექმნილი კომისიის ფარგლებში.
იღუმენ დანიელის თქმით, ეპისკოპოს სტეფანეს ევალებოდა ამ საკითხის შესწავლა და ქონების დაცვა, თუმცა, მან ქარხანა აუქციონზე გაიტანა და "დაიკარგა".
"საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ასევე მოექცეთ სალხინოს მარანს, სასახლესა და ღვინის სახლს. პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ აქ იმალება ფარული გარიგება ან კორუფციული სქემა". - აცხადებს იღუმენი თავის წერილში.
ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე თვეა, ვითარება დაძაბულია. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანე კალაიჯიშვილი დანიშნეს.
მან გრიგოლ კაცია შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავა ჩაანაცვლა.
პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა.
მოგვიანებით თავად მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ გაჩნდა ბრალდება - თითქოს მას შვილი ყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ცაავას მხარდამჭერები ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ.
მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას მხარდამჭერ რამდენიმე სასულიერო პირს ღვთისმსახურება აუკრძალა, გაათავისუფლა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა. მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აუკრძალა მონასტრის ტერიტორიაზე შესვლაც.
პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ.