logo
ENG



ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უწინამძღვრებს, მეუფე გრიგოლი კი წალკას უბრუნდება

11 თებ 202116:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/u6dkh2a20my6dkp.jpg

წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში გადაყვანილი მეუფე გრიგოლი კვლავ წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად დაბრუნდება, მის ნაცვლად კი, ჭყონდიდის ეპარქიას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე უწინამძღვრებს

მიუხედავად იმისა, რომ სინოდის სხდომის ოქმი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, ინფორმაცია მედიას თიანეთისა და ფშავხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა დაუდასტურა.

კითხვაზე, არის თუ არა მეუფე სტეფანეს ჭყონდიდში მივლინება ღვთის ნება, ეპისკოპოსი მიქაელი პასუხობს:

"რასაკვირველია, აბა ახლა როგორ...". 

ხოლო, ჟურნალისტების კითხვის პასუხად, თუ რომელ ეპარქიაში გადადის მეუფე გრიგოლი, რომელიც აქამდე ჭყონდიდის ეპარქიას წინამღძრვრობდა, ეპისკოპოსი მიქაელი ამბობს:  

"მეუფე გრიგოლი დაბრუნდა თავის ეპარქიაში". 

ამ დრომდე უცნობია, ვის აირჩევენ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის წინამძღვრად. 

რაც შეეხება ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს, მას მღვდელმოქმედება ციანიდის საქმის გარშემო დაწყებული შიდადაპირისპირების შემდეგ 2019 წლის 31 სექტემბერს შეუჩერეს და მოსანანიებლად მონასტერში გაგზავნეს. 

ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების დღიდან, მეუფე პეტრე მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა და საპატრიარქოს დაკავებული დეკანოზის განთავისუფლებისთვის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილმა პროვოკაცია მოუწყო.

საჯარო კრიტიკისა და მოწოდებების შემდეგ, მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნების" დირექტორობიდან გაათავისუფლეს და მას გაფრთხილება მისცეს. მიტროპოლიტმა მაშინ განაცხადა, რომ ტელევიზიას პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ ჩამოაშორა.

2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმოქმედება შეუჩერეს და სინანულისთვის მონასტერში გაგზავნეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა", სინოდის განჩინებას კი არ დაემორჩილა.

მას შემდეგ, მეუფე პეტრემ არაერთხელ ისაუბრა საპატრიარქოში ერთპიროვნული მმართველობისა და "გარყვნილების" პრობლემებზე და პატრიარქი არაერთხელ დაადანაშაულა იერარქობრივად დაქვემდებარებულ მამაკაცებთან გარყვნილ ურთიერთობაში. მეუფე პეტრე საჯარო გამოსვლებში ყვება, რომ საპატრიარქოში რეალური ძალაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის ხელში არის კონცენტრირებული. ჭყონდიდელ მიტროპოლიტს არაერთხელ უსაუბრია ასევე საპატრიარქოში რუსული გავლენების შესახებ.


close დახურვა