logo
ENG



ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 5 სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

04 აპრ 202115:10
3 წუთის საკითხავი
 

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 5 სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. 

მღვდლობიდან განკვეთილია არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი). 

ასევე, მიტროპოლიტის ბრძანებით, "დანაშაულების გამო" მღვდელმსახურება აეკრძალათ იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხიძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას). 

სასულიერო პირები გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეპისკოპოსმა კანონებს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა. 

მამა მირიან მესხიძე ამბობს: 

"არ ვაპირებთ, რამე პროვოკაცია მოვაწყოთ. მხოლოდ ის გვინდა, საეკლესიო სამართლის მიხედვით გადაწყდეს პრობლემა. არ ვიცით, რა გაგრძელება ექნება ამას. მხოლოდ ის ვიცი, რომ მღვდელმსახურება მაქვს შეჩერებული. დანარჩენს ვნახავთ დროთა განმავლობაში". 

არქიმანდრიტ ათინოგენის თქმით: 

"ჩემგან გადაეცით (ეპისკოპოსს), მატყუარას, ცრუს, ურცხვს - ასეთი მე არც ეპისკოპოსი მინდა, არც სინოდის წევრი მინდა. არ ვუსმენ. ვაპირებ სიცოცხლეს ქრისტეში. იმან შეიძლება ბევრი რამე თქვა, მაგრამ ყველა უნდა დავემორჩლოთ? მე არ ვემორჩილები. 

ის, რომ მე არც არქიმანდრიტობისთვის მოვსულვარ ეკლესიაში, მღვდლობის პატივზე კიდე ვფიქრობდი, რომ არასდროს ვიყავი ამის ღირსი. სულ მიკვირდა, ღმერთი რა მოწყალე იყო ჩემ მიმართ. კი ბატონო, თუ ღმერთმა ასე გადაწყვიტა. მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია - ეს ერთპიროვნულად არ უნდა გადაწყვეტილიყო. მე უნდა დავებარებინეთ, როგორც წესი და კანონია". 

მიტროპოლიტმა სტეფანემ კიდევ 2 სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება მარტის დასაწყისში შეუჩერა, მოგვიანებით კი დედა სოსანა გადააყენა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვრობიდან. 

მიზეზი მათ მიერ ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, პეტრე ცაავას მხარდაჭერა. 

მრევლის ნაწილი მათ ეწინააღმდეგება და ეპისკოპოსი პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებების ნამდვილობის და მისი სიმართლის დადასტურებას ითხოვს. 

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

მოგვიანებით თავად მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ გაჩნდა ბრალდება - თითქოს მას შვილი ყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ცაავას მხარდამჭერები ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ. 

8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან, აივნიდან გადმოცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს მიერ 2 სასულიერო პირისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებდნენ. 

ჟურნალისტები სწორედ ეპარქიის შიგნით დაპირისპირებას აშუქებდნენ. აივნიდან გადავარდნის შემდეგ რამდენიმე მათგანმა ფიზიკური დაზიანება მიიღო. 

მომხდარის შემდეგ მიტროპოლიტი სტეფანე დაშავებულების მდგომარეობით არ დაინტერესებულა. მედიის კითხვების პასუხად კი მან გალობა დაიწყო.


close დახურვა