logo
ENG



ხაბეიშვილი: ეს არ არის პარლამენტი, ეს ქაჯეთის ციხეა

28 ნოე 201909:41
3 წუთის საკითხავი
 
x3afhr32lr1m7sj.jpg

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ, მიუახლოვდნენ პარლამენტს. ისინი გადაადგილდებიან მიმდებარე ქუჩებზე და ეძებენ გზებს, რომ მიუახლოვდნენ საკანონმდებლო ორგანოს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილმა თავი იზოლაციაში მოიქცია. მათივე თქმით, ისინი მაინც მოძებნიან გზას პარლამენტთან მისაახლოებლად. 

„ეს არის ხელისუფლების სახე, რომლითაც ბიძინამ საკუთარი თავი გაყო რკინის კედლებით. ვნახეთ როგორი გამოხატვის თავისუფლებაა - რამდენიმე ასეულ ადამიანს არ აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი. რომ არ ვიცოდე, რა ხდება, მეგონებოდა რომ ქალაქი ომისთვის ემზადება. არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ ერქვათ არჩეული დეპუტატები და ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღონ. შევეცდებით, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ პარლამენტს“ ,- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

პოლიტიკოსების თქმით, ხელისუფლების მსგავსი ქმედებები მოსახლეობასთან ომის გამოცხადებას ნიშნავს და ამ რეჟიმში მმართველი ძალა დიდხანს ვერ გაძლებს.

"ეს არის ქაჯეთის ციხე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პარლამენტია, ძალიან შემცდარა. საომარი მდგომარეობა აქვს გამოცხადებული „ქართულ ოცნებას“ მშვიდობიან მანიფესტანტებთან. მსოფლიო ისტორიაში არ მახსოვს, რომ რკინის ჯებირებით საზღვრავდნენ პარლამენტს. როდემდე იქნებიან საომარ მდგომარეობაში საკუთარ ხალხთან“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დემონსტრანტები პარლამენტთან მიახლოებას ვერ ახერხებენ, რადგან თითქმის ყველა ქუჩა რკინის კედლითაა ჩახერგილი. დილის ათი საათიდან პარლამენტში კომიტეტებისა და პლენარული ხდომებია ჩანიშნული.

 


close დახურვა