logo
ENG



ხაბეიშვილი: ვაგრძელებთ კონსულტაციებს, იცოდეთ, ბრძოლა არ დასრულებულა, ახლა იწყება

13 მარ 202312:02
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, იქამდე, სანამ საქართველოს "ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი მართავს, საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება".

ხაბეიშვილი გუშინ, იმედის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრმა დააანონსა რეპრესიები. ხაბეიშვილის თქმით, გრძელდება კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და "ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება!".

"კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტოშეკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება, გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლებთ, არავინ მოგვცემს კანდიდატის სტატუსს. გუშინ ამ სათამაშო ჩუჩელამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონს, ან კი არ გაიაზრეს, რომ იყო ანტიკონსტიტუციური, ან იყო რუსული, ხელს უშლიდა ევროპულ მომავალს, ეს არ გაუაზრებიათ, უბრალოდ ტაქტიკურადო უკან დავიხიეთო, თორემ ვინმეს არ ეგონოს, რომ ევროპული გზა გვაინტერესებსო და მეტიც, მოჰყვა ევროპარლამენტარების ლანძღვას და მოუწოდა, თქვენი საქმე აკეთეთ და ჩვენ რომ რუსეთში მიგვყავს ეს ხალხი, ნუ ერევით ამ საქმეშიო.

ეს იყო მთელი პათოსი გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის, რომელმაც გვაუწყა, რომ არანაირი სტატუსი მათ არ აინტერესებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება მარტივი კითხვა: ევროპარლამენტარებმა, იმ ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებსაც ლანძღავს და აგინებს, იმ ხალხმა უნდა მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და როცა ასე იქცევა ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა, ვის წარმოუდგენია, რომ ჩვენს ქვეყანას მისცემენ სტატუსს ამ პირობებში? ამიტომ, მაშინ როდესაც ამ კაცმა დააანონსა რეპრესიები, რომ ყველას თურმე სახლში შეუვარდება, ჩვენც ყველანი დაგიმახსოვრეთ ბატონო ჩუჩელა თქვენც, ირაკლი კობახიძეც, ყველა დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს ხმა მისცა, ყველანი დამახსოვრებულები ხართ, რომ დაგვავიწყდეთ, ისტორია აუცილებლად დაწერს თქვენს შესახებ.

ამიტომ, ჩვენ უკვე დაგიმახსოვრეთ, ამიტომ გაფრთხილებთ, რომ ამ ახალგაზრდებს, არც ერთს თითი არ დაედოს და მესამე, დღეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს და იცოდეს, ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს და უნდა იცოდეთ ერთი რამ: ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება", - თქვა ხაბეიშვილმა.


close დახურვა