საპროტესტო აქცია გრძელდება თბილისის საკრებულოსთან. დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე დეპუტატების პასუხიმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.
აქციაზე თავად ლევან ხაბეიშვილიც მივიდა და განაცხადა, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ დაგეგმა მასზე თავდასხმა.
„ეს არ იყო ჩემზე თავდასხმის პირველი მცდელობა. ახალ წლამდე გახსოვთ, რომ აი, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი რომ იყო და პლაკატს რომ ვერ გააგდებინებდი ხელიდან და ახლა რომ ქართული ოცნების წევრია, გიორგი დოხტურიშვილი, დამიპირისპირდა ფიზიკურად. მაშინ კალაძის დავალება ვერ შეასრულეს. ამის შემდეგ დაგეგმეს, რომ ხაბეიშვილთან 1-1-ზე არაფერი გამოვა და მოდი, 4-5 ბოქსიორები და მოჭიდავეები მივუქსიოთ და იქნება ასე მაინც ვცემოთ. კალაძის „შნირები“ ნაკლებად მაინტერესებს იმიტომ, რომ მთავარი აქ არის შემდეგი, მერი დროს კარგავს ოპოზიციონერი დეპუტატის ცემის დაგეგმვაში.
ჩვენ მისი რიტორიკა არ მოგვწონსო, კორუფციაში როგორ გვამხელსო და ნაძირლებს როგორ გვეძახისო. კახი კალაძე პირველად რომ მოვიდა საკრებულოში, ასეთი რამე მითხრა, რომ შენ ხაბეიშვილო, ნაძვის ხეზე უნდა დაგკიდოო. მერე გახსოვთ მისი განცხადება, მთაწმინდიდან გამოექანოს ხაბეიშვილი და უკაცრავად ჟარგონისთვის და „დამასკდესო“. ამ ლექსიკით საუბრობს მერი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო. მას საქმის გამოძიების იმედი არ აქვს.