logo
ENG



ხაბეიშვილი: როგორც ყველა უწყებაში, სებ-შიც შეაღწია სუს-მა, ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს

26 სექ 202317:20
3 წუთის საკითხავი
clock 613
2023/09/26/qrkl7ggah92ud0j.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ეროვნული ბანკი აღარ არსებობს.  

"საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელმაც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით იქნება დაკავებული საბოლოო ჯამში და კონკრეტულ თანამშრომლებზე ეცდება ზემოქმედებას.

ეს ოპერაცია უკვე დაწყებული აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანუ ბიძინას უსაფრთხოების სამსახურს და სწორედ ამიტომაც, რომ შემდეგში ასეთი "გაურკვევლობა" არ მოხდეს, ამიტომ ეცდება სუს-ი თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს ეროვნული ბანკი. არ უნდა შევიქმნათ ილუზია, ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს იმ გადაწყვეტილებების შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ეროვნულ ბანკს", - ამბობს ხაბეიშვილი.

ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეიტანა

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტის მრჩეველიც. საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.

ნათია თურნავამ ამას ზეწოლა უწოდა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება "კონსტიტუციის შესატყვისი" იყო.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BM.GE ავრცელებს.

გადაწყვეტილების შესახებ გცანცა ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელშიც განაცხადა.


close დახურვა