logo
ENG



ხაბეიშვილი: ხვალ ლაზარეს სასამართლოა, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, დავიცვათ მისი უფლებები

30 აპრ 202312:17
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ლაზარე გრიგორიადისის ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი დაკავება ემსახურება ერთადერთ რამეს - დასაჯონ ყველა, ვინც პროევროპულ კამპანიაშია ჩართული. ამის შესახებ ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველას მოქალაქეობრივი ვალია, დაკავებული აქტივისტის უფლებები დაიცვას.

"მეგობრებო, ყველა, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ევროკავშირში, თქვენ გემუქრებიან დაკავებით და ამის ნათელი დადასტურება, გამოხატულება არის ლაზარე. არანაირი მტკიცებულება, ფორმალური შესაძლებლობაც არ არსებობს, რომ ეს ახალგაზრდა იყოს ციხეში. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, რატომ? - მაგალითად, რობოკოპებს დააშინებს? მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს? 21 წლის ახალგაზრდა წინასწარ პატიმრობაში რატომ უნდა ჰყავდეს რუსულ რეჟიმს?

მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული, სხვა არცერთი არგუმენტი, მტკიცებულება იმის, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ კრემლს აბარებენ ანგარიშს, მესიჯი აქვთ, რომ ყველა, ვინც ანტირუსულ კამპანიაში, პროევროპულ კამპანიაში ჩაერთვება, ვისაც ევროპა უნდა, ყველას დასჯიან, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზავნილი გამო ჰყავთ ლაზარე გამოკეტილი.

"ხვალ ამ ახალგაზრდა ადამიანის სასამართლო გაიმართება და თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, ვიყოთ და დავიცვათ ლაზარე უფლებები, იმიტომ, რომ ის ფაქტობრივად ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე ჰყავთ აყვანილი მძევლად", - აღნიშნა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მარტს პატიმრობა შეუფარდა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავება.

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ის ოპოზიციას დაუკავშირეს, სოციალურ ქსელებში გრიგორიადისის დისკრედიტაციაც დაიწყეს, ქართული ოცნებისგან ანალოგიური ხასიათის განცხადებების პარალელურად.

ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნედ გამიზნულად აირჩია და სწორედ ამ საქმით დაიწყება 7-9 მარტის აქციებში მონაწილეთა მიმართ რეპრესიები.

20 აპრილს დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქვს სურვილი, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

21 აპრილს გრიგორიადისის ოჯახმა, მარტის აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა წარადგინეს პეტიცია, რომლითაც ითხოვენ ბრალდებული აქტივისტის საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი ხვალ 17:00 საათზეა დაგეგმილი. პარალელურად, დაანონსებულია აქცია, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში 16:00 საათზე დაიწყება.


close დახურვა