logo
ENG



ხაზარაძე: გადავწყვეტთ, რა ნაბიჯებს გადავდგამთ, არ გამოვრიცხავ არჩევნების ბოიკოტს

28 ივლ 202115:08
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელო საქართველოსთვის თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს არ გამორიცხავს. ეს განცხადება პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე გააკეთა, რითაც ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას გამოეხმაურა. 

ხაზარაძე ამბობს, რომ ლელო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გადაწყვეტს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს.

როგორც მან აღნიშნა, ოცნების შეთანხმების დოკუმენტიდან გასვლა საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობაა. 

"ქართულმა ოცნებამ კარგად იცის მისი რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან, რომ ისინი 43% ვერ ააგროვებდნენ არჩევნებში. მოვუწოდებთ საზოგადოებას და ოპოზიციურ ძალას, დავიწყოთ კონსულტაციები სასწრაფოდ. 

ოპოზიციონერ პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯებს გადავდგამთ. თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება", - თქვა ხაზარაძემ. 

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

 


close დახურვა