კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიასთან კონსულტაციები გრძელდება. როგორც მან გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადადგამს.
მისივე თქმით, ყოფილ პრემიერს მათ გაერთიანებაში "თანაბარ-სწორუფლებიან პარტნიორად" შესვლა შესთავაზეს.
"წინააღმდეგი არავინ არაა კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში, კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ-სწორუფლებიან პარტნიორად. დეტალებში ვერ შემოვალ, რადგან ეს ჩვენი პირადი მოლაპარაკებაა. თანაბარ-სწორუფლებიანი პარტნიორი თანაბარ-სწორუფლებიან პარტნიორობას ნიშნავს.
შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა. საუბარი გრძელდება. მინდა, მას კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადავუხადო. ეს მარტივი რაღაც არ არის. რაც მინდა, იმას მივაღწიო, რომ არჩევნებამდე მოქალაქეებს ვაჩვენოთ, კოალიცია როგორ გამოიყურება და ვის რა ზომა და წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს მთავარი არაა", - აღნიშნა ხაზარაძემ.